ალექსანდრე იაშვილი - სურვილი გვაქვს, საქართველოს ნაკრებს საკუთარი ბაზა ჰქონდეს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ერთა ლიგის მოახლოებულ თამაშებზე და ეროვნული გუნდის ირგვლივ არსებულ სხვა საკითხებზე ისაუბრა.
„ჩვენი მიზანი „დინამო არენაზე“ თამაშია. მაგრამ გვსურს, რომ სტადიონის ტრიბუნები სრულად შეივსოს. როდესაც ეს მოხერხდება, ეროვნულ სტადიონს დავუბრუნდებით. რაც შეეხება ბათუმში დაგეგმილ თამაშს, გვსურს, ნაკრები მატჩებს მხოლოდ თბილისში არ ატარებდეს.
ნაკრების ბაზა ტაბახმელას სპორტული ცენტრი არ იქნება, მაგრამ სურვილი გვაქვს, საკუთარი მოსამზადებელი ცენტრი გვქონდეს, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდი მოემზადება, მათ შორის ქალთა ნაკრებიც.
ირანში არსებული სასაზღვრო პრობლემების შესახებ გიორგი გველესიანს ველაპარაკეთ. ყველანაირად დავეხმარებით, რომ ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლაში ხელი არ შეეშალოს“, – განაცხადა იაშვილმა.
საქართველოს ეროვნული გუნდი 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს. ნაკრები მატჩებისთვის მომზადებას 7 ოქტომბერს პოლონეთში დაიწყებს. ერთა ლიგის ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.