ალექსანდრე იაშვილი - საქართველოში ევრო 2023-ის დიდი მოლოდინია #1TVSPORT
ბუქარესტში გამართულ 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრაში ტურნირის ელჩის სტატუსით ალექსანდრე იაშვილი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და „ფრაიბურგის“ ექს-კაპიტანმა დარბზში მყოფებს მიმართა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რა დიდი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის ამ ტურნირის მასპინძლობა.
„ვულოცავ ჩემპიონატის ყველა მონაწილე ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლას. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, საქართველოს გამოვყოფ, რომელიც დებიუტანტი იქნება ევრო 2023-ზე. ჩვენს ქვეყანაში დიდი მოლოდინია. გულშემატკვირები ელოდებიან ევროპული ფეხბურთის ამჟამინდელ და მომავალ ვარსკვლავებს. მიხარია, რომ მომავალი წლის ზაფხულში ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე ნამდვილი საფეხბურთო გარემო შეიქმნება. ახალგაზრდები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ, რაც დარწმუნებული ვარ, წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარებათ“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქეები იქნებიან პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებები.