ალექსანდრე იაშვილი - ფინალის მასპინძლობა ყველა ქვეყანას სურს
ალექსანდრე იაშვილი - ფინალის მასპინძლობა ყველა ქვეყანას სურს

ალექსანდრე იაშვილმა შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრაზე ისაუბრა. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შტაბ-ბინაში გამართულ ღონისძიებას სფფ-ს პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, გენერალურ მდივან დავით მუჯირთან და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისთან ერთად ესწრებოდა.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალურ შეხვედრას 31 მარტს საკუთარ მოედანზე გამართავს.

„ყველა ქვეყანას სურს, რომ ფინალი საკუთარ სტადიონზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშოს, აქედან გამომდინარე, ძალიან ვნერვიულობდით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა და ვხვდებით, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევრო 2020-ზე თამაში. ეს თითოეული ქართველის ოცნება და მიზანია“ – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჯერ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი 26 მარტის მატჩია: „ახლა მთავარია, ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე კონცენტრაცია – ფინალზე ფიქრი შესაძლებელი 26 მარტის შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში იქნება. აქედან გამომდინარე, ვკონცენტრირდებით ნახევარფინალზე და ამ შეხვედრას დიდი იმედით ველოდებით“.