ალექსანდრე იაშვილი - ამ გუნდის მთავარი გამარჯვება ერთიანობაა, მთავარი მიზნები ახლა იწყება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ეროვნული ნაკრების ავსტრიული შეკრება შეაჯამა და მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტურნირისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, საჭირო იყო იმ ტვირთის და სიმძიმის მოხსნა, რაც წლების განმავლობაში გვქონდა. ფეხბურთელებმა საკლუბო დონეზე ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარეს და ეს ძალიან მნიშვნელოვნია.
ამ გუნდის ყველაზე დიდი და მთავარი გამარჯვება ერთიანობაა. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს ერთიანობა ჩანს ყოველდღიურ მომზადებაში. ამას ვგრძნობთ. ჩანს როგორც კარგ, ისე რთული პერიოდებში. ბიჭები სულ ერთად არიან და მათი სურვილია, რომ ჩვენ ქვეყანას მოუტანონ წარმატება და სიხარული. თუმცა, მთავარი მიზნები ახლა იწყება. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთიანობა და სწორედ ამას ემსახურებოდა ავსტრიული შეკრება.
ძალიან მნიშვნელოვანია მონტენეგროში ამხანაგური თამაში. ბოლო შესაძლებლობაა, რომ შევაფასოთ ჩვენი თავი. ამის შემდეგ, მთელი კონცენტრაცია გადავა ევროპის ჩემპიონატზე და თურქეთთან მატჩისთვის სამზადისზე“, – ამბობს სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი.
8 ივნისს, საქართველოს ნაკრები გაინბერგში ბოლო ვარჯიშს გამართავს, რის შემდეგაც პოდგორიცაში გაემგზავრება, სადაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
ამხანაგური მატჩი
9 ივნისი | მონტენეგრო – საქართველო | 22:45
ევრო 2024
18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00