ალექსანდრე იაშვილი - სანიოლი ამბიციური მწვრთნელია, გადაწყვეტილების მიღებისას ამან დიდი როლი ითამაშა
საქართველოს ნაკრებში ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლის დანიშვნაზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.
იაშვილმა ფრანგი მწვრთნელის დანიშვნის მოტივებზე ილაპარაკა.
„საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა. ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია. აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ, სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ „ბორდოში“. მიუნხენის „ბაიერნში“ კი, იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ“, – ამბობს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
ალექსანდრე იაშვილმა სხვა ფაქტორებზეც გაამახვილა ყურადღება: „მნიშვნელოვანია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა“.
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი – ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.