ალექსანდრე ჩივაძის პრემია ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლაკვეხელიანს გადაეცათ
ამიერიდან, 17-წლამდე და 19-წლამდე ასაკში გამორჩეულ ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის პრემია გადაეცემათ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ნომინაცია დღევანდელ დაჯილდოებაზე წარადგინა.
ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის ნომინანტებს ფეხბურთის ფედერაცია ყოველწლიურად გამოავლენს. 2017 წლის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალი 17-წლამდე ფეხბურთელებს შორის ხვიჩა კვარაცხელიას (თბილისის “დინამო”) გადაეცა. ვერცხლის მედლის მფლობელი ზურიკო დავითაშვილი (თბილისის “დინამო”) გახდა, ბრინჯაოს – გიორგი გულიაშვილს (“საბურთალო”).
19-წლამდე ფეხბურთელებს შორის ოქროს მედლით ლუკა ლაკვეხელიანი (“საბურთალო”) დაჯილდოვდა, ვერცხლით – ვატო არველაძე (“ლოკომოტივი”), ბრინჯაო – გიორგი კოხრეიძეს (“საბურთალო”).
ამავე დროს, ნომინანტებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო იმ კლუბებზე გადანაწილდება, რომლებმაც ფეხბურთელები გაზარდეს: ბრინჯაოს მედალი – 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი – 3 000 ლარი, ოქროს მედალი – 5 000 ლარი.