ალექსანდრე ჩივაძემ „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გაიხსენა, 13 მაისს თბილისის აეროპორტიდან თასი როგორ გამოაპარა - „ფეიენოორდის“ ყველა მოთამაშეს პირიდან დუჟი გადმოსდიოდა #1TVSPORT
ალექსანდრე ჩივაძემ „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გაიხსენა, 13 მაისს თბილისის აეროპორტიდან თასი როგორ გამოაპარა - „ფეიენოორდის“ ყველა მოთამაშეს პირიდან დუჟი გადმოსდიოდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ 1981 წლის 13 მაისის წარმატებიდან 40 წელი გავიდა. საიუბილეო წელი ვეტერანმა დინამოელებმა საქართველოს პირველმა არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ ერთად სასტუმრო „ამბასადორში“ აღნიშნეს.

გადაცემაში „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ წარმატების ისტორია და სახალისო ამბები გაიხსენა.

 

თაობა და მწვრთნელი ერთმანეთს დაემთხვა

„დინამოს“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთად მოვიდა ნიჭიერი თაობა და ნიჭიერი მწვრთნელების შემადგენლობა. ეს ისტორიაში პირველად 1963-64 წლებში მოხდა, მეორედ – 1976-81 წლებში. იყო დრო, როცა „დინამოში“ დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ მწვრთნელები არ იყვნენ და წარმატებას ვერ მიაღწიეს. ჩვენ დროს კი ნიჭერი თაობაც მოვიდა და ამავე დროს, ნოდარ ახალკაცი და მის შტაბი.“

 

ჰოლანდიელებს პირიდან დუჟი გადმოსდიოდათ

„ის რაც ავსტრიელმა მსაჯმა ვიორერმა „ფეიენოორდთან“ ნახევარფინალის განმეორებით მატჩში გააკეთა, ანალოგი არსად მინახავს. თბილისში 3:0 რომ მოვიგეთ, გვითხრეს, ჰოლანდიელების გასახდელი სავსე იყო ამპულებით. იქ რომ ჩავედით, ველოდებოდით, რომ თამაშის წინ გასახდელში მსაჯები შემოვიდოდნენ და შეგვიმოწმებდნენ ბუცებს და ა.შ. არავინ შემოსულა, არ შევუმოწმებივართ. მივხდით, რომ მათ ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილი ჰქონდათ და მობილიზებაში ძალიან შეგვიწყო ხელი.

თამაშის დროს მსაჯმა შენგელიას გოლი არ ჩაუთვალა – თამაშგარე არ იყო. მე-60 წუთზე „ფეიენოორდის“ ფეხბურთელები ერთიანად გაჩერდნენ, ყველა მოთამაშეს პირიდან დუჟი გადმოსდიოდა, ვეღარ დარბოდნენ. ის რაც მიიღეს (დოპინგი იყო თუ სხვა რამ), ეტყობა, ერთი საათი მოქმედებდა და შედეგისთვის ამ ერთი საათის განმავლობაში უნდა მიეღწიათ.

ჩემს საფეხბურთო კარიერაში ასეთი უმსგავსო მსაჯობა არ მინახავს.“

 

ჩემები აეროპორტში არ შემოუშვეს

„თასი რომ ჩამოვიტანეთ, ნოდარ ახალკაცმა, როგორც კაპიტანს მითხრა, სახლში წაიღეო. აეროპორტში თვითმფრინავიდან არ გინდა გამოსვლა? მანქანების სადგომზე „სტაიანშჩიკს“ წავართვი ფორმა, ჩავიცვი, ქუდი დავიხურე და ისე გამოვიპარე.

სახლში ვუსაყვედურე, ყველას დახვდნენ ოჯახის წევრები, თქვენ რატომ არ იყავით აეროპორტში-მეთქი. დედაჩემმა მითხრა, შვილო, ხომ იცი მამაშენი რა ხათრიანი კაცია, ინსპექტორებმა არ გამოუშვესო. ბოლოს მე ვუთხარი, ჩივაძის დედა ვარ, იქნებ გაგვატაროთ-მეთქი და ინსპექტორს გაეცინა, რამდენი დედა ჰყავს ამ ჩივაძესო“.