ალექსანდრე ჩივაძე - თასის მოპოვებისთვის ოთხ კაცს ერთი ნატაქსავები „ვოლგა“ მოგვცეს, რომელსაც 200 ათასი ჰქონდა გარბენი #1TVSPORT
საქართველოს პირველ არხზე, „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა გაიხსენეს 1976 წლის 3 სექტემბრის საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ერევნის „არარატთან“ გამარჯვების შემდეგ (3:0) რა კურიოზული საჩუქარი მიიღეს იმ ჯილდოსთვის, რომელიც გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.
„კარგი ამბავი გამახსენდა. ამ ფინალის შემდეგ მთელ გუნდს ჩამოწერილი ტაქსები მოგვცეს, 200 ათასი რომ ჰქონდა გავლილი. თანაც, 2200 მანეთად დაგვითმეს. ვეტერანებს ყველას თითო-თოთო დაურიგეს, ჩვენ კი ოთხ კაცს, მე, რეზო ჩელებაძეს, ნოდარ ხიზანეიშვილს და ვახო კოპალეიშვილს ერთი ცალი მოგვცეს“, – გაიხსენა ალექსანდრე ჩივაძემ.
ვლადიმერ გუცაევი: „წარმოიდგინეთ, მოგვცეს „ვოლგა“, რომელსაც 200 კი არა, მგონი 500 ათასი კილომეტრიც კი ჰქონდა გავლილი. ჩამოწერეს და ერთ კაცს კი არა, ოთხს ერთად მოგვცეს“.
რევაზ ჩელებაძე: „თანაც ის მანქანა 2200 მანეთად ვიყიდეთ. ეტყობა, ოთხს ერთად იმიტომ მოგვცეს, რომ გაგვეყიდა“.
ალექსანდრე ჩივაძე: „მიზეზი, რის გამოც ჩვენ ოთხს ერთი მანქანა მოგვცეს – ეგენი ახალგაზრდები არიან და თავში აუვარდებათო (იცინის). თავში რატომ ამივარდებოდა?“.