ალექსანდრე ჩივაძე - დარასელიამ ფინალში რომ გაიტანა, ასეთ გოლს ყველა დიდი ფეხბურთელი ინატრებდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ლეგენდარული ფეხბურთელი ვიტალი დარასელია, რომელსაც 65 წელი შეუსრულდებოდა, თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ გაიხსენა.
„ვიტალი ძალაიან დიდი პროვნება იყო – გულწრფელი, ალალი და მართალი კაცი. ბავშობიდან ოჩამჩირეში გაიზარდა, მამა ხეიბარი ყავდა. ვიტალი უფროსი ძმა იყო და ბავშვობაში გაზეთებს ყიდდა, ოჯახს რომ დახმარებოდა.
ასეთი ცხოვრება გაიარა. მისი ბავშვობის მწვრთნელი იყო ბონდო კაკუბავა, რომელმაც დაბადების დღეზე ისეთი ამბები გაიხსენა, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ დიდი ადამიანი იყო. ვოვამ (გადაცემის თანაწამყვანს, ვლადიმერ გუცაევს მიმართა) თქვა, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაშია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანაო. ერთ-ერთი კი არა, შენ დავიტალიმ ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეთ.
იშვიათად, რომ ევროთასის ფინალში ასეთი ოსტატობით შესრულებული გოლი გაეტანათ. კევინ კიგანი დიდი ფეხბურთელი იყო და მან დაწერა, ფინალში ასეთ გოლს ყველა დიდი ფეხბურთელი ინატრებდაო.
მან ქართულ ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვა. „დინამოში“ 1974 წლის ბოლოს ჩამოვიდა. მაშინ მიხეილ იაკუშინი დანიშნეს მწვრთნელად, რომელმაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნიჭიერი მოთამაშეები შეკრიბა და 16 წლის ვიტალიც მაშინ მოიწვიეს. მარჯვენა ნახევარმცველს თამაშობდა და არც მორიდებია, მისთვის ავტორიტეტი არ არსებობდა. ძალიან შრომისმოყვარე კაცი იყო. პლუს, დიდი მამულიშვილი გახლდათ. თავიდან ქართულად საუბარი უჭირდა, მაგრამ ბოლოს ისე შეეჩვია, რუსულად აღარ ლაპარაკობდა.
1982 წლის ბოლოს ფეხბურთიდან ორი ბუმბერაზი ფეხბურთელი წავიდა – ყიფიანი და ხინჩაგაშვილი, ვიტალი კი გარდაიცვალა. ახალკაცმა გუნდიდან ფეხბურთელები გაუშვა, მაგრამ დარასელიას გარშემო სურდა შემადგენლობის აწყობა. მისი გარდაცვალების შემდეგ ისე წავიდა საქმე, „დინამო“ კინაღამ უმაღლესი ლიგიდანაც გავარდა.“