ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა #1TVSPORT
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან ბრძოლისთვის მზადება დაასრულა და უახლოეს მომავალში კალიფორნიის ქალაქ ანაჰეიმში ჩავა.
როგორც 35 წლის ავსტრალიელმა მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ განაცხადა, თავს შესანიშნავად გრძნობს და ქართველთან გამარჯვებისთვის მზადაა.
ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაპირისპირება 18 თებერვალს, UFC 298-ის ეგიდით ჩატარდება. 27 წლის თოფურია MMA-ში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, ხოლო ვოლკანოვსკის 26 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, თუმცა ქვემსუბუქ წონაში მასთან გამარჯვება ჯერ ვერავინ შეძლო.
ანაჰეიმში დაგეგმილი MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ეს ღონისძიება ისტორიულია საქართველოსთვის. ილია თოფურიასთან ერთად, ბრძოლას ჩაატარებს მერაბ დვალიშვილიც, რომელიც UFC-ის ორი წონის ყოფილ ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.
ამ მომენტისთვის ილია თოფურია (14-0) UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მესამეა, ხოლო დვალიშვილი (16-4) სუპერმსუბუქ წონაში მეორე ადგილზეა.