ალექსანდრ ვოლკანოვსკი - იანვარში ილია თოფურიასთან ბრძოლა მინდა, დასვენება არ მჭირდება #1TVSPORT
ალექსანდრ ვოლკანოვსკი - იანვარში ილია თოფურიასთან ბრძოლა მინდა, დასვენება არ მჭირდება #1TVSPORT

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მსუბუქ წონაში ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ქამრისთვის წაგებული ბრძოლისა და მომავლის შესახებ Youtube-ის საკუთარ არხზე ისაუბრა.

ვოლკანოვსკი ამბობს, რომ, მიუხედავად მახაჩევთან დამარცხებისა, თავს შესანიშნავად გრძნობს და 2024 წლის იანვარში ილია თოფურიასთან ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ორთაბრძოლის გამართვა სურს.

„UFC-ის წარმომადგენლებს ვესაუბრე, მსურს, დაკავებული ვიყო, დასვენება არ მინდა. საუკეთესო ფორმაში ვარ და ჩხუბი მჭირდება. ექიმებთან კონსულტაცია გავიარე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ტრავმა არ მაქვს.

იანვარში ილია თოფურიასთან ბრძოლის იდეა ძალიან მომწონს, ეს შესანიშნავი ჩხუბი იქნებოდა, მასზე მთელი ყურადღების გადატანა მსურს. ვიმეორებ, კარგად ვარ და გპირდებით, იანვარში ჩემს საუკეთესო ვერსიას იხილავთ“, – განაცხადა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ.

35 წლის ავსტრალიელმა უკვე მეორედ სცადა, ქვემსუბუქთან ერთად, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულიც მოეპოვებინა, თუმცა ისლამ მახაჩევმა 2023 წელს მას მეორედ აჯობა. მან ვოლკანოვსკი ამჯერად პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

საერთო ჯამში, MMA-ში ვოლკანოვსკის 26 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ხოლო ილია თოფურია ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, 26 წლის ქართველს ზედიზედ 14 ბრძოლა აქვს მოგებული და UFC-ის ქვემსუბუქ წონაში რეიტინგის მე-5 ნომერია.