ალექსანდრ შოვკოვსკი - ყველაფერი, რაც უკავშირდება სიტყვა „რუსეთს“, ნიშნავს არაადამიანობას, ნაციზმს, ფაშიზმს, გენოციდს #1TVSPORT
ლეგენდარულმა უკრაინელმა მეკარემ ალექსანდრ შოვკოვსკიმ, რომელიც, ამჟამად, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს, ილაპარაკა ტოტალურ ცენზურაზე რუსეთში და იმაზე, ამიერიდან რასთან ასოცირდება მისთვის სიტყვა „რუსეთი“.
„ამბობენ, რომ ჩვევის შესაცვლელად 21 დღეა საჭირო. მიმდინარეობს ომის 21-ე დღე. ომი იმ ერის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი წინაპრები ძმურს უწოდებდნენ. რა კარგია, რომ მხოლოდ ორი ასეთი „ძმური ერი“ გვყავს.
რატომღაც გამახსენდა „კურსკის“ წყალქვეშა ნავის ისტორია, რომელიც 2000 წლის 12 აგვისტის მოხდა. კარგად მახსოვს ის ტრაგედია, მაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მსურს.
მაშინ ვერ მივხვდი, ქვეყნის ხელმძღვანელობამ პუტინის მეთაურობით რატომ თქვა უარი ჯერ ისევ ცოცხალი სამხედრო მეზღვაურების გადარჩენის შესაძლებლობაზე. რატომ მიჩქმალეს მაშინ ეს მოვლენა?
დაღუპული მეზღვაურების მშობლების უმრავლესობამ მაშინ სიმართლის გაგება და ამ ტრაგედიის შესახებ მთელი მსოფლიოსთვის მოყოლა სცადა, მაგრამ ისინი ძალით გააჩუმეს. ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ნახოთ რუსეთში აკრძალული ფილმი – „კურსკი“ – წყალქვეშა ნავი მღვრიე წყალში“.
მაგრამ მთავარი, რისი აღნიშვნაც მინდა ის არის, რომ სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო თავისუფალი პრესის, აზრისა და სიტყვის თავისუფლების ტოტალური ტერორი. აგრეთვე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულების დასასრულის დასაწყისი.
ეს არ იყო პირველი ნაბიჯი. მანამდე იყო: დნეპრისპირეთის კონფლიქტი მოლდოვაში (1992 წელი), ჩეჩნეთის ომი (1994 წელი) და ჩეჩნეთის მეორე ომი (1999 წელი).
ამას მოყვება: ომი საქართველოში (2008) და არაღიარებული ანკლავების შექმნა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ყირიმის ანექსია (2014), ომი დონბასში და არააღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შექმნა.
მაგრამ ახლა სხვა რამეს ვამბობ. მთავარია, რომ უკვე არსებობს სხვა ჩვევა. არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. კერძოდ, ყველაფერი, რაც უკავშირდება სიტყვა „რუსეთს“, ნიშნავს არაადამიანობას, ნაციზმს, ფაშიზმს, გენოციდს, ზიზღს, რაშიზმს.
გაუფრთხილდეთ საკუთარ თავსა და ახლობლებს. დიდება უკრაინასა და უკრაინელებს“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ შოვკოვსკიმ.