ალექსანდრ ლუკაშენკო - ქუჩაში ცხვირი არ გაჰყოთ, თქვენ და ჩვენს ბავშვებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ
ალექსანდრ ლუკაშენკო - ქუჩაში ცხვირი არ გაჰყოთ, თქვენ და ჩვენს ბავშვებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში საპროტესტო აქციებს საზღვარგარეთიდან ქვეყანაში ჩასული პირები მართავენ. ამის შესახებ განცხადება ალექსანდრ ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ბელარუსში არჩევნების შემდეგ მიმდინარე აქციების საკითხი განიხილებოდა.

„არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში! გაიგეთ, რომ თქვენ და ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ. დღეს უნდა ჩამოვიდნენ პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, ღია რუსეთიდან, ნავალნისგან და ასე შემდეგ. უკვე დაიწყო აგრესია ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, „ის გულზეხელდაკრეფილი ვერ იჯდება, ვიდრე მინსკის გადატრიალება სურთ“.

„უნდა გავჩერდეთ, თავი ხელში ავიყვანოთ და დავწყნარდეთ. უნდა მოგვცეთ საშუალება, ქვეყანაში სიტუაცია დავალაგოთ, უნდა გავუმკლავდეთ მათ, ვინც აქ ჩამოვიდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამავე გამოსვლაში ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებს პრეტენზიებს ვერ წაუყენებს, მაგრამ, მისივე თქმით, „მიწაზე დაცემული ადამიანის ცემა საჭირო არ არის“.

„დღეს პრეტენზიებს ვერავის წავუყენებ. ერთადერთი, ვთხოვ მინისტრს და სხვებს, ჩვენ მაინც სლავები ვართ, თუ ადამიანი უკვე მიწაზე წევს, აღარ სცემოთ. ანუ, მუხრუჭია საჭირო“, – განაცხადა ლუკაშენკომ.