ალექსანდრ გლები საქართველოსთან წაგებაზე - არც შემოქმედება გვქონდა და არც ემოცია, ლოგიკურად წავაგეთ
ბელარუსის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალექსანდრ გლებმა ეროვნული გუნდის ოქტომბრის გამოსვლა შეაფასა და საქართველოსთან წაგებულ (0:1) ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩზე ვრცლად ილაპარაკა.
ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მოთამაშემ, რომელსაც „შტუტგარტში“,„ბარსელონასა“ და „არსენალში“ უთამაშია, წაგებას ლოგიკური უწოდა.
„შედეგი ლოგიკურია, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში არც ერთი შემოქმედებითი სვლა არ ყოფილა. თამაში უბრალოდ ერთფეროვანი იყო. ბოლოს დაიწყეს შტურმის მსგავსის მოწყობა, რადგან აგებდნენ, მაგრამ ესეც ქაოტურად მოხდა. ბოლოს თამაში საკუთარ თავზე ცენტრალურმა მცველმა, ჩვენმა კაპიტანმა აიღო, რადგან სხვას ეს არ შეეძლო – ეს წარმოუდგენელია“, – ამბობს გლები ტელეარხ „ბელარუს 5-თან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, წაგებას მოთამაშეთა გადაწვას ტყუილად აბრალებენ.
„ჩვენ ესპანეთის ან ნიდერლანდის წინააღმდეგ არ გვითამაშია. ისეთი მეტოქე გვყავდა, რომლის მოგებაც შეიძლებოდა. ჩემი აზრით, ეროვნულ გუნდში ასეთ დროს ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს. 4 დღეში გუნდს რას მოამზადებ? ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციებია, რაც ჩვენს გუნდს მოედანზე არ ჰქონდა. ეს ყველაფერი კი გასახდელიდან და მწვრთნელიდან იწყება, რომელმაც მნიშვნელოვანი მატჩის წინ სამოტივაციო სიტყვები უნდა მოძებნოს და ფეხბურთელები აანთოს – ეს გუნდს ძალიან ეხმარება. ჩვენი მთავარი მწვრთნელი მარხელი კი ძალიან მშვიდი ადამიანია. ეს ერთფეროვნება გღლის. თამაშამდე დარჩენილი დღეები გუნდის დასამუხტად უნდა გამოიყენო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საუკეთესო შანსი ხელიდან გავუშვით“, – განაცხადა გლებმა.