ალექსანდერ ვოლკოვს UFC-ში საკმაოდ ბევრი გამარჯვება აქვს, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მოგება მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია.
ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (Vegas 18) შედგა. მთავარი ბრძოლა მძიმე წონით დივიზიონში ვეტერან ალისტერ ოვერიმსა და ალექსანდერ ვოლკოვს შორის შედგა.
მსაჯს ბრძოლის შეჩერება მეორე რაუნდის 2:06 წუთზე მოუხდა და „დრაგომ“ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
„ძალიან გახარებული ვარ. ჩემი დრო დგება. მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩემს დარტყმით ტექნიკაზე, ასევე, ამ ბრძოლისთვის საკმაოდ ნაყოფიერი მომზადება გავიარე ჭიდაობაში. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ბრძოლის მიმდინარეობისას მე ვგრძნობდი, რომ ნაადრევად დავასრულებდი დაპირისპირებას. შესაბამის მომენტს დაველოდე და საქმე დავასრულე. ახლა მე უკვე ქამარზე ბრძოლა მსურს. თუმცა, ვნახოთ, რა იქნება. მომავალში მძიმე წონით დივიზიონში ძალიან საინტერესო დაპირისპირებები გველის. ვნახოთ, ვის შემომთავაზებენ შემდეგ მეტოქედ, თუმცა, ჩემი საბოლოო მიზანი ქამრის მოპოვებაა“, – განაცხადა ვოლკოვმა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში.