ალენ ჟირესი - საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩნდნენ #1TVSPORT
ალენ ჟირესი - საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩნდნენ #1TVSPORT

ფრანგულ გამოცემა francebleu-სთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა (ამჟამად კოსოვოს წვრთნის), ალენ ჟირესმა ქართული ფეხბურთის პოტენციალზე ისაუბრა.

ევროპის 1984 წლის ჩემპიონს „ბორდოს“ ლეგიონერის, ზურიკო დავითაშვილის გამო კითხვა დაუსვეს: „ქართველ შემტევს სარგებლობა მოაქვს „ბორდოსთვის. საქართველოში ხარისხიანი მოთამაშეები არიან?“.

„ახლა საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩნდნენ. „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგია. ვილი სანიოლს ჰყავს შესანიშნავი გუნდი და შესანიშნავი ფეხბურთელები. დიახ, ისინი საინტერესო მოთამაშეები არიან. აღმოსავლეთის ქვეყნებში ყოველთვის იყვნენ სამხრეთ ამერიკელების მსგავსი მოთამაშეები. ისინი ადგილს იმკვიდრებენ, რადგან მოდიან ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია – მიდიან ქალაქში და კლუბში, როგორიც „ბორდოა“. იმ კლუბთან და ქვეყანასთან შედარებით, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ, ისინი სწრაფად შეძლებენ ზრდას“, – ამბობს ალენ ჟირესი.

ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი ალენ ჟირესი საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში მატჩების რაოდენობით მეორე ადგილზეა – 587 თამაში, „ბორდოს“ ისტორიაში კი საუკეთესო ბომბარდირია – 179 გოლი.

ალენ ჟირესი 2004 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეროვნულ გუნდს, მაგრამ რადგან გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებას ვერ მიაღწია, ქვეყანა დატოვა.