ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა ვარსკვლავმა ალენ აივერსონმა ჟურნალ „კომპლექსისთვის“ (Complex) მიცემულ ინტერვიუში NBA-ის თანამედროვე მოთამაშეების ჩაცმის მანერა გააკრიტიკა.
„შეხედეთ ამ ბიჭებს“, – განაცხადა აივერსონმა. – „დააკვირდით იმ საძაგლობას, რასაც ისინი იცვამენ. ამას ყველა თავისებურად აკეთებს. არ მინდა ვინმეს თავს დავესხა, არ მინდა ვიღაცამ მიპასუხოს, რადგან მე ამას კამათისთვის არ ვლაპარაკობ. მაგრამ ვამტკიცებ, რომ შემოღებული უნდა იყოს დრესკოდი, რადგან ყოველდღე ჰელოუინი გვაქვს. ყოველდღე 31 ოქტომბერია“.
საინტერესოა, რომ თავის დროზე აივერსონი თავად გახდა დრესკოდის მსხვერპლი, რომელიც NBA-ში 2005 წელს შემოიღეს კომისრის დევიდ სტერნის ინიციატივით. სტერნს ამ ნაბიჯისკენ უბიძგა 2004 წელს, აშშ-ის ნაკრების გუნდურმა ვახშამმა. გუნდის მაშინდელი მწვრთნელი ლარი ბრაუნი და სტერნი შოკში ჩავარდნენ კალათბურთელთა ჩაცმულობის გამო. სტერნს არ მოეწონა ჯინსები, ბრილიანტის საყურეები, პლატინის ჯაჭვები.