ალეკო ელისაშვილი - რაც ჩვენ ვართ პარლამენტში, ოპოზიციის დიდი ნაწილი წივილ-კივილის და მაგიდაზე შეხტომის გარდა არაფრითაა დაკავებული
ალეკო ელისაშვილი - რაც ჩვენ ვართ პარლამენტში, ოპოზიციის დიდი ნაწილი წივილ-კივილის და მაგიდაზე შეხტომის გარდა არაფრითაა დაკავებული

რაც ჩვენ ვართ პარლამენტში, ოპოზიციის დიდი ნაწილი წივილ-კივილის და მაგიდაზე შეხტომის გარდა არაფრითაა დაკავებული, – აღნიშნავს ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ელისაშვილი თავის ვრცელ პოსტში ხსნის, რით განსხვავდება პარტია „მოქალაქეები“ და მათი ხედვა სხვებისგან.

„ისევ ოდნავ ვრცლად მინდა დავწერო და ვიცი პარტიული გაშმაგებული ჟურნალისტებისთვის საინტერესო აქ არაფერი იქნება, უბრალოდ ვისაც ამ ქვეყნის ბედი ადარდებს მათ მინდა ჩემი ნააზრევი გაგაცნოთ. როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ? რა უმთავრესი პრობლემები გვაქვს და რა არის გამოსავალი? როგორ ვხედავთ ამ გამოსავალს ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ და რითი განსხვავდება ჩვენი ხედვა სხვებისგან? ჯერ სად ვართ:

ოცნების მმართველობის 9 წლის თავზე ვცხოვრობთ ღატაკ, წარუმატებელ, ნეპოტიზმით და კორუფციით დაღრღნილ ქვეყანაში. სადაც ამ წლების მანძილზე ხელშესახები ცვლილება სულ თითზე ჩამოსათვლელი გახსენდება კაცს – ყველაზე მკაფიო მაინც ციხეებში ვითარების მკვეთრი გაადამიანურებაა. ჯანდაცვის რეფორმა თავიდან პოპულარული იყო, მაგრამ ახლა იმ რეფორმიდან ნაცარიღაა დარჩენილი. სხვა მინდა განვიხსენო რამე ეფექტური და კარგი მაგრამ არ მახსენდება. რიკოთზე რომ მაგისტრალი შენდება ეგ მახსენდება კიდევ, თუმცა ეგ რეფორმაა არაა თავისთავად. სხვა მხრივ ოცნებამ დიდებულად გადაიბარა და უფრო წაახალისა წინა ხელისუფლების მანკიერებები: მორჩილი სასამართლო იგივე პერსონებით, მორჩილი, შედარებით უფრო ნაკლებაგრესიული პროკურატურა, მაგრამ სრულად მორჩილი და სხვა. ყველაზე საგანგაშო ისაა რომ კატასტროფულ დღეშია განათლების სისტემა, რომელიც გრძელვადიანად ქვეყნის განვითარების და გამდიდრების პერსპექტივა უნდა იყოს. იცით ალბათ ახლახანს მასწავლებელთა 30 პროცენტმა ელემენტარული ტესტები ვერ ჩააბარა, განათლების მინისტრი კი ამ დროს ბიძინა ივანიშვილს აქებს და ბავშვები რჩებიან თანამედროვე ცოდნის გარეშე. ანუ ქვეყანა განწირულია წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის. სოფლის მეურნეობაში ჩაყრილი მილიონების მერე შედეგები არის ნულოვანი, შეუძლებელია სოფლის მეურნეობა განვითარდეს როდესაც მთავარი რესურსი მიწა არის სახელმწიფოს ხელში და არის მუდმივი კორუფციის წყარო. საბჭოური გადმონაშთი ე.წ. სახელმწიფო საწარმოები ასეულ მილიონიან ზარალს აყენებენ ქვეყანას და აფერხებენ ეკონომიკურ განვითარებას. მოკლედ არის ასეთი ვითარება (უფრო ვრცლადაც შეიძლება უმძიმესი სურათის დახატვა და აღწერა). რა არის და რა უნდა იყოს გამოსავალი? დაუყოვნებლივი ფუნდამენტური სისტემური ცვლილებები და რეფორმები: განათლებაშიც, სოფლის მეურნეობაშიც, სასამართლოშიც და პროკურატურაშიც. აი ამაზე უნდა იყოს ახლა სრული პოლიტიკური ძალისხმევა მიმართული. ოპოზიცია თუ რამეს უნდა ითხოვდეს – სწორედ ამას – დაუყოვნებლივ, ფუნდამენტურ სისტემურ ცვლილებებს! სუს-ის დაქვემდებარებას სამოქალაქო კონტროლისადმი და ამ კონტროლის მექანიზმების შექმნას, სასამართლოს რეალურ რეფორმას, ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის ცვლილებას, განათლების რეფორმას და ასე შემდეგ. ჩვენ ზუსტად ამის გვჯერა – ნაბიჯ, ნაბიჯ სისტემური, ფუნდამენტური ცვლილებების. რას ამბობენ სხვები და რას არწმუნებენ ხალხს – თითქოს პრობლემა მხოლოდ ქართულ ოცნებაშია და როგორც კი ისინი წავლენ (მოშორდებიან, წაეთრევიან, გადაშენდებიან – ყველა სხვადასხვა სიმძაფრით ამბობს) ყველაფერი თავისთავად მოგვარდება! ყველაფერი გამოსწორდება. მთავარია ოცნება ჩამოშორდეს ხელისუფლებას და მეორე დღესვე გაბრწყინებულ საქართველოში ვიცხოვრებთ. სუს-ი აღარ მოგვისმენს, განათლება იმ წამსვე შესანიშნავი გახდება და ასე შემდეგ. თან ამას ამბობს ის ხალხი ვინც ის საშინელი სისტემები შექმნა – სოდი, კუდი, მურუსიძის სასამართლო, ადეიშვილის პროკურატურა, შაშკინის საპოლიციო განათლების სისტემა. აი, ესენი ამტკიცებენ რომ მთავარია ოცნება წავიდეს, ყველაფერი იქნება საოცრად. ამ მავნებლურ მტკიცებას ჩემდა გასაოცრად ბევრი ისეთი ადამიანია აყოლილი მანამდე რომ მეგონა ჭკუა მოეკითხებოდა. მაგრამ ახლა ისინი გიორგი ბარამიძეზე უფრო დიდი აღტკინებით ამტკიცებენ რომ ოღონდ ოცნება წავიდეს და ავშენდებით. არავის ეგონოს ცვლილებების გვეშინოდეს, ან არ გვინდოდეს. ზოგ ბრიყვს მართლა სჯერა მე და ლევანი უბედნიერესები ვართ პარლამენტში რომ ვართ და მართლა ჰგონიათ რომ ის “სკამი” რამეს წარმოადგენს ჩვენთვის. მათ გადარწმუნებას არც ვაპირებ, თავის რწმენაში გაუმარჯოს ღმერთმა. სინამდვილეში ჩვენ გულს გვირევს ის რა ვითარებაშიცაა ქვეყანა და არანორმალურად გვინდა ცვლილებები – მაგრამ პირველ რიგში სისტემური ცვლილებები! ფუნდამენტური რეფორმები ყველა მიმართულებით! სხვა შემთხვევაში ვიტრიალებთ ერთსა და იმავე წრეზე. მოვა ნაციონალური მოძრაობა, ისევ გადაუსვამს თავზე ხელს მურუსიძეს, სუს-ს დაარქმევენ რამე ახალ სახელს და შინაარს დატოვებენ იგივეს, პროკურატურაში ადეიშვილი დაბრუნდება და შოთაძის მიძინებული პროკურატურა გახდება ისევ ქმედითი ხალხის დატერორების ინსტიტუტი. დღეს რომ ნაცმოძრაობას აყოლილი “ჭკუის კოლოფები” ცვლილებების აუცილებლობაზე გმინავენ, მერე შემოირტყამენ თავში ხელს და დაიწყებენ წუწუნს რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება და დაუწყებენ ახალ მხსნელს ძებნას. არადა, თუ სისტემებს შევცვლით, მართლა ევროპულ ინსტიტუციებს ავაწყობთ მერე გინდა მიშა მოვიდეს, გინდა გრიშა და გინდა მიშა და გრიშა ერთად. მმართველი პარტიებს სრული და ტოტალური კონტროლის მექანიზმები თუ გამოეცალათ ხელიდან, რეფორმირებული ინსტიტუციების სახით მერე დაიწყება ნამდვილი პოლიტიკა ამ ქვეყანაში და ხელისუფლებების ცვლილება აღარ იქნება ისეთი ეგზისტენციალური საფრთხე მმართველი პარტიებისთვის, როგორც ახლაა. შესაბამისად გაზრდილი იქნება მათი ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და აღარ ჩაებღაუჭებიან სკამებს ისე გაშმაგებით როგორც ახლა.

აი, ეს სჭირდება ქვეყანას – ეს უნდა შევძლოთ. არა, ოცნება ამ ინსტრუმენტებს არ დათმობს, არ წამოვა რეფორმებზე – მეტყვიან პასუხად. ბოდიში და ვინმემ სცადა? ან წინა პარლამენტში, ან იმის წინა პარლამენტში, ან ამ პარლამენტში ვინმე ამ საკითხებზე მსჯელობდა? რაც ჩვენ ვართ პარლამენტში ოპოზიციის დიდი ნაწილი წივილ-კივილის და მაგიდაზე შეხტომის გარდა არაფრითაა დაკავებული. მითხარი რომელი ინიციატივა დადო რომელიმემ განათლების სისტემის რეფორმაზე? მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე? ან რამეზე საერთოდ? ამის ნაცვლად გვარწმუნებენ რომ გაყრიან ოცნებას და ყველაფერი იქნება კარგად. ბოდიში, მაგრამ ამ მავნებლობის ჩვენ არ გვჯერა. ჩვენ გვჯერა, ნაბიჯ ნაბიჯ სისტემური ცვლილებების! მთელი ოპოზიციური ძალისხმება ამ ცვლილებებზე ჯიუტად, ყოველდღიუღად მუშაობაში და ბრძოლაში რომ დაიხარჯოს ღრმად მწამს რომ შედეგები იქნება ეფექტური და დიდი. მით უფრო რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა სწორედ ამ რეფორმებისადმია. განა ვინმეს ვეწუწუნებით, ყველამ თავისი საქმისა იცის. მაგრამ ჩვენ ამის გვჯერა და რამდენსაც შევძლებთ იმდენს ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ სწორედ სისტემური ცვლილებებისთვის. გავეშებული ჟურნალისტებისთვის ვიცი აქ არაფერი საინტერესო არ იყო, მაგრამ ვიცი ქვეყანაზე დაფიქრებული ხალხი გულმოდგინედ წაიკითხავთ და მზად ვარ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე ღრმად, აქაც მათ შორის“, – წერს „ფეისბუქში“ ალეკო ელისაშვილი.