ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი სილვინიო - ძლიერი მეტოქეები გვყავს, საქართველო ევროპული დონის გუნდად ჩამოყალიბდა #1TVSPORT
ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი სილვინიო - ძლიერი მეტოქეები გვყავს, საქართველო ევროპული დონის გუნდად ჩამოყალიბდა #1TVSPORT

საქართველოს მეტოქის, ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა, სილვინიომ ერთა ლიგაზე ჩეხეთისა და უკრაინის წინააღმდეგ გასამართ ბოლო მატჩებამდე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის იმედს ინარჩუნებს. თუმცა, სილვინიომ არ დამალა, რომ მცველების, ბერატ ჯიმშიტის (ატალანტა) და მარაშ კუმბულას (ესპანიოლი), ასევე ნახევარმცველ კეიდი ბარეს (სარაგოსა) და თავდამსხმელ რეი მინაის (სივასპორი) არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

„28 ფეხბურთელი გამოვიძახეთ, რადგან ხუთ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აქვს და მეორე თამაშზე რომელიმე რომ გამოგვაკლდეს და უცხოეთიდან ვინმეს გამოძახება სასწრაფოდ დაგვჭირდეს, აჯობებს, კანდიდატები ადგილზე გვყავდეს. ასევე გაურკვეველია კიდევ სამი ფეხბურთელის საკითხი. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა თამაშს.

პირველ ადგილზე გასვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია, რადგან ჩვენს ჯგუფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ორივე ამ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. საქართველომ ტირანაში დაგვამარცხა, თბილისში კი მოვიგეთ, მაგრამ საქართველო ევროპული დონის ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა და ტაქტიკურად გამართულია.

ახლა ორივე მატჩს შინ ვთამაშობთ, რაც მცირე, მაგრამ კარგი უპირატესობაა. უკრაინას კარგი მოთამაშეები ჰყავს, ჩეხეთის ძალაზე ისიც მეტყველებს, რომ ჯგუფში პირველ ადგილზეა, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და ეს მაიმედებს“, – ამბობს სილვინიო.

ალბანეთი ორივე დარჩენილ მატჩს ტირანაში გამართავს – 16 ნოემბერს ჩეხეთთან, ხოლო სამ დღეში – უკრაინასთან.