ალბანელთა ყოფილი კაპიტანი მწვრთნელით უკმაყოფილოა - ნაკრების აწყობილ მექანიზმში რაღაც აირია, ეპიზოდებში პანიკა ჩნდება #1TVSPORT
ალბანეთის ნაკრებში, რომელიც დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ გუნდს თბილისში ეთამაშება, გუნდის ყოფილი კაპიტანი რუდი ვატა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბევრ პრობლემას ხედავს.
გადაცემა Studio Sport-თან ვატამ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული გუნდი უკან წავიდა. მისი აზრით, ამ ნაწილში სილვინიოა დამნაშავე, რადგან ვერ გაიზარდა და მასთან ერთად ალბანეთის ნაკრებიც რეგრესს განიცდის.
„ნაკრების აწყობილ მექანიზმში რაღაც აირია და აღარ მუშაობს. ეს აღარაა იგივე გუნდი, რომელიც ევრო 2024-ზე ვნახეთ. რიტმი დაიკარგა და ფიზიკურადაც კარგად ვერ გამოვიყურებით. ჩეხებთან შეშინებულ გუნდს ვგავდით. ეპიზოდებში პანიკა ჩნდება. მწვრთნელმა სიმშვიდე დაკარგა და ერთმანეთის მიყოლებით ორი მატჩი ჩააგდო, ის არანორმალურ მდგომარეობაშია. ჩვენ გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც მსოფლიო დონეზე გაგვიყვანს, თორემ ევროპის ჩემპიონატზე უკვე ორჯერ გავედით.
მწვრთნელმა ნაკრებში ძალიან კარგი და დიდი საქმე გააკეთა, მაგრამ სპეციალისტად ვერ გაიზარდა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც პრობლემები აქვს. მაშინაც კი, როცა ვიმარჯვებთ, ეს არ ნიშნავს, რომ მეტოქეზე დომინირებას ვახერხებთ. პატარა წარმატებით ვტკბებით, ზედმეტად ბევრს ვტრაბახობთ და ზრდას ვწყვეტთ. ბევრი რამაა გამოსასწორებელი. მოთამაშეები გვყავს, მაგრამ გუნდური სულისკვეთება გვაკლია, ჩეხებს სულ ორჯერ დავურტყით და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.
ვფიქრობ, როდესაც სილვინიო მოვიდა, უფრო ენერგიული იყო, უმართლებდა, გუნდი კი სანახაობრივად თამაშობდა და ბევრიც გაგვქონდა. თუმცა იმასაც ვხედავ, რომ სილვინიო ერთ წრეზე დადის და მოსწონს მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ეს შედეგები აჩვენეს. თუ ასანის დონეს გადავხედავთ, ის ვერ გაიზარდა, მისი შემცვლელი კი ვერ იპოვა“, – განაცხადა ალბანეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ალბანეთის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).