ალაბამას შტატში საავტომობილო ავარიას ათი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ალაბამას შტატში, ტროპიკული ციკლონით გამოწვეული ქარიშხლის გამო, 18 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. საავტომობილო ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა და ათი გარდაიცვალა, მათ შორის ცხრა ბავშვი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბავშვთა ასაკი ოთხიდან 17 წლამდე მერყეობს.
წინასწარი მონაცემებით, საავტომობილო ავარია გზის დასველებამ გამოიწვია, რის გამოც მანქანებმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლეს.
ტროპიკულმა ციკლონმა „კლოდეტმა“ ტორნადოს ჩამოყალიბება და წყალდიდობები გამოიწვია ალაბამას შტატში, რასაც ათობით სახლის დანგრევა მოჰყვა.
აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების დეპარტამენტმა ინციდენტის ადგილას ათი გამომძიებელი მიავლინა, რომლებიც მომხდარის მიზეზებს არკვევენ.