ალაბა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და „ბარსელონასგან“ შემოთავაზებას ელოდება
Sky Sport Germany-ის ცნობით, მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი, დავიდ ალაბა იქამდე არ მიიღებს თავის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას, სანამ „ბარსელონას“ არ გაესაუბრება.
შეგახსენებთ, მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ავსტრიელი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და მან უკვე კონტრაქტის დეტალებზეც მოილაპარაკა „რეალთან“. მაგრამ ალაბას და მის მენეჯმენტს სურთ გაესაუბრონ ხუან ლაპორტეს, იმ შემთხვევაში, თუ „ბარსას“ ყოფილი პრეზიდენტი კატალონიური კლუბის არჩევნებს მოიგებს და ძველ თანამდებობას დაიბრუნებს.
ალაბას კონტრაქტი სეზონის ბოლოს, ზაფხულში იწურება და დიდი ალბათობით, ის მიუნხენურ კლუბს დატოვებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს 28 წლის ფეხბურთელი კარიერას.
ალაბა „რეკორდმაისტერებს“ 2008 წელს შეუერთდა. მან „ბაიერნთან“ ერთად 25 ტიტულის მოპოვება მოახერხა, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.