„ალ-ნასრიში“ რონალდოს თანაგუნდელი მარსელო ბროზოვიჩი გახდება #1TVSPORT
საუდის არაბეთის ჩემპიონატში ევროპული ფეხბურთიდან ვარსკვლავების გადასვლა გრძელდება. მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი კარიერას „ალ-ნასრიში“, კრისტიანო რონალდოსთან ერთად გააგრძელებს.
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტის უკანასკნელი დეტალებიც შეათანხმეს და ბროზოვიჩი „ალ-ნასრის“ წევრი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება. „ინტერი“ 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მოთამაშე ახალ კლუბთან ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
ხორვატი ნახევარმცველი ახლოს იყო, კარიერა „ბარსელონაში“ გაეგრძელებინა, თუმცა ესპანურმა კლუბმა იტალიურთან ფეხბურთელის ფასზე ვერ მოილაპარაკა.
გასულ სეზონში, „ინტერთან“ ერთად, მარსელო ბროზოვიჩი იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა, მან ასევე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც „ნერაძური“ „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა.
ხორვატმა სერია A-ს 2022/2023 წლის გათამაშებაში 28 შეხვედრა ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ზამთარში „ალ-ნასრიმ“ კრისტიანო რონალდოსთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, 38 წლის პორტუგალიელი სეზონში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.