ახვლედიანმა „ტორპედოში“ პირველად გაიტანა - ქუთაისელებმა კონკურენტს გადაასწრეს #1TVSPORT
ახვლედიანმა „ტორპედოში“ პირველად გაიტანა - ქუთაისელებმა კონკურენტს გადაასწრეს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ 24-ე ტურში უშუალო კონკურენტს, ქობულეთის „შუქურას“ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს. უკვე მე-6 წუთზე, ქუთაისელთა თავდამსხმელის, თორნიკე ახვლედიანის გადაცემა „ტორპედოს“ ალჟირელმა ლეგიონერმა მეჰდი ბუკასიმ გოლით დააგვირგვინა 1:0.

75-ე წუთზე „ტორპედოს“ ხასიათი ჯეფერსონ ჯერალდომ წაუხდინა. ქობულეთელთა ნახევარმცველმა საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა, ბურთი კარის „ცხრიანში“ ჩაახვია და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

ქუთაისელებმა 3 ქულა მაინც მოიპოვეს და ეს 86-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანის სადებიუტო გოლით მოახერხეს. დმიტრი რეკიშის კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თავდამსხმელმა შანსი გოლად აქცია და „ტორპედომ“ 2:1 მოიგო.

24 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 25 ქულა დააგროვა, „თელავს“ (25) ქულებით დაეწია და მე-7 ადგილზე დაწინაურდა. „შუქურა“ კი 21 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა.