ახალქალაქში მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული [ვიდეო]
ახალქალაქში მომხდარი მკვლელობისა და ინციდენტების გამო, რომელიც აღნიშნულ დანაშაულს მოჰყვა, მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
ვრცელდება ინფორმაცია ინციდენტებისას დაშავებულების შესახებ, თუმცა ქალაქის ჰოსპიტალში ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.
ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.
ადგილობრივების თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობა რამდენიმეწლიან კონფლიქტს უკავშირდება.
მკვლელობის შემდეგ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება – სასტუმრო და რამდენიმე სახლი დაწვეს. მისივე თქმით, ვითარებას ამ დროისთვის პოლიცია აკონტროლებს. „ცალსახად, რაც ჩემთვის ცნობილია, არანაირ პოლიტიკას არ უკავშირდება ეს კრიმინალური შემთხვევა, არც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი არ არის“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.