ახალქალაქში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ კულიკამში გადაასვენეს
ახალქალაქში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ კულიკამში გადაასვენეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ახალქალაქში დაპირისპირების დროს მოკლეს, მის სოფელში, კულიკამში გადაასვენეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, გარდაცვლილს ახალციხეში შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ახალქალაქის შესასვლელში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მკვლელობის შემდეგ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება – სასტუმრო და რამდენიმე სახლი დაწვეს. მისივე თქმით, ვითარებას ამ დროისთვის პოლიცია აკონტროლებს. „ცალსახად, რაც ჩემთვის ცნობილია, არანაირ პოლიტიკას არ უკავშირდება ეს კრიმინალური შემთხვევა, არც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი არ არის“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.

ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.