ახალმა ზელანდიამ ზამთრის თამაშების ისტორიაში პირველი ოქრო მოიგო #1TVSPORT
ახალმა ზელანდიამ ზამთრის თამაშების ისტორიაში პირველი ოქრო მოიგო #1TVSPORT

პეკინის ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს ისტორიული მომენტი დაფიქსირდა. ახალმა ზელანდიამ ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში პირველი ოქრო მოიპოვა. მისი მფლობელი გახდა ზოი სადოვსკი-სინოტი, რომელმაც სნოუბორდის დისციპლინაში სლოუპსტაილში ლეგენდარული ამერიკელი ჯეიმი ანდერსონი დაამარცხა.

20 წლის სადოვსკი-სინოტმა ჩემპიონობა ბრწყინვალედ შესრულებული ბოლო ცდის წყალობით მოიპოვა, რომელშიც 92.88 ქულა დაიმსახურა. სხვათა შორის, ეს მისი მეორე ოლიმპიური მედალია კარიერაში – 2018 წელს, პიონჩანგში პირველად ჩატარდა ასპარეზობა ბიგ ეირის დისციპლინაში და იქ ზელანდიელმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადებზე სლოუპსტაილში მესამედ თამაშდებოდა მედლები. 2014 წელს სოჭში და 2018 წელს პიონჩანგში ჯეიმი ანდერსონმა ზედიზედ ორი ოქრო მოიგო, თუმცა, ამჯერად, ამერიკელი საპრიზო სამეულის მიღმა აღმოჩნდა. მან მხოლოდ მეცხრე ადგილი დაიკავა ფინალურ ცდაზე. ანდერსონს შეეძლება რეაბილიტაცია 14 თებერვალს ბიგ ეირში, სადაც მასსა და სადოვსკი-სინოტს შორის მორიგი დუელი შედგება.

სნოუბორდი

ქალები. სლოუპსტაილი

  1. ზოი სადოვსკი-სინოტი (ზელანდია) – 92.88
  2. ჯულია მარინო (აშშ) – 87.68
  3. ტეს კოუდი (ავსტრალია) – 84.14