ახალი წელი ახალი გუნდით - „საბურთალომ“ მზადება დაიწყო
ახალი წელი ახალი გუნდით - „საბურთალომ“ მზადება დაიწყო

ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით, დედაქალაქური „საბურთალო“ 2021 წელს პირველად შეიკრიბა და დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში ივარჯიშა. მანამდე კი გუნდმა კოვიდ-19-ზე ტესტირება და სამედიცინო შემოწმება გაიარა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, ახალი გუნდის შენება გადაწყვიტა. კლუბის გადაწყვეტილებით, „საბურთალო“ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა შევსებაც მიიღო. მომავალში თბილისელთა ღირსებას აღარ დაიცავენ: ბექა ქავთარაძე, ანრი ჭიჭინაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ჟარდელ ნაზარე, ოლივიე ბუმალი, დავით კუპატაძე.

2021 წელს კლუბში ითამაშებენ: გიორგი ჯგერენაია, რომან ჩაჩუა, გიორგი ლაცაბიძე, თორნიკე ძებნიაური, გიორგი ერისთავი, თომა ტაბატაძე და რაფიქ ამინუ. გუნდს დაუბრუნდნენ ასევე იჯარით განათხოვრებული ფეხბურთელები გიორგი ჯინჯოლავა და მეკარე ოთო გოშაძე, ასევე ბექა გვარაძე, რომელიც „საბურთალოს“ აღზრდილია.

„საბურთალო“ თბილისში 4 თებერვლის ჩათვლით მოემზადება და პარალელურად ამხანაგურ მატჩებს გამართავს. 19 იანვარს საბურთალოელები ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ „შევარდენი 1906“-ს შეხვდებიან, 24 იანვარს – „ლოკომოტივს“, 29 იანვარს – საგარეჯოს „გარეჯს“, 3 თებერვალს კი „ვიტ ჯორჯიას“  დაუპირისპირდებიან. გუნდი 5 თებერვლიდან გეზს თურქეთისკენ აიღებს და 18 რიცხვის ჩათვლით ქალაქ სიდეში მოემზადება.