ახალი თავდამსხმელი „სამგურალში“ - გუნდთან კონტრაქტი განელმა ფორვარდმა გააფორმა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ „საბურთალოდან“ 21 წლის განელი ფორვარდი რაფიქ ამინუ დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმდა.
„სამგურალის” პრესსამსახურის ცნობით, წყალტუბოს გუნდის სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ ახალწვეულს კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა.
რაფიქ ამინუ საქართველოში ჩამოსვლამდე განის პრემიერლიგასა და ბენინის ჩემპიონატში ასპარეზობდა. განელი ფორვარდი საქართველოში გასულ წელს „შევარდენის“ რიგებში გამოჩნდა და ეროვნულ ლიგა 2–ში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონი ამინუმ „საბურთალოში“ დაიწყო და ეროვნული ლიგის 7 შეხვედრაში ითამაშა.
„ახალ კლუბში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ „სამგურალში“ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო. ვეცდები, ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი და ბევრი გოლი გავიტანო. „სამგურალი“ საინტერესო და მებრძოლი გუნდია, იმედია, ჩვენთვის მიმდინარე სეზონი წარმატებული იქნება“, – განაცხადა რაფიქ ამინუმ.