ახალი სეზონი ფერსტაპენის მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ახალი სეზონი ფერსტაპენის მოგებით დაიწყო #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა ძალიან დამაჯერებელ სტილში მოიგო 2023 წლის სეზონის პირველი რბოლა – ბაჰრეინის გრანპრი. მეორე ადგილზე გავიდა „რედ ბულში“ მისი თანაგუნდელი სერხიო პერესი. სამეული შეავსო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ფერნანდო ალონსომ.

პოულის მფლობელმა ფერსტაპენმა დამაჯერებლად მოიგო სტარტი, პერესმა კი, პირიქით, ჩააგდო დასაწყისი და წინ გაუშვა შარლ ლეკლერი. კარგი სტარტი ჰქონდა ლუის ჰემილტონს, რომელმაც თავის თანაგუნდელ ჯორჯ რასელსაც გაუსწრო და ალონსოსაც. ეს უკანასკნელი ასევე უკან ჩამოიტოვა რასელმა.

ფერსტაპენი სწრაფად დაცილდა პელოტონს და მეხუთე წრისთვის ლეკლერს უკვე ოთხი წამით უსწრებდა.

რბოლის მეორე ნახევარი უფრო საინტერესო გამოვიდა. პიტსტოპების მეორე სერიის შემდეგ ჯერ ალონსომ რამდენიმე შეტევის შემდეგ გაუსწრო რასელს და მეექვსე ადგილზე გადავიდა. შემდეგ კი დიდი ბრძოლა გაიმართა ალონსოსა და ჰემილტონს შორის: დიდმა ჩემპიონებმა რამდენჯერმე გაცვალეს პოზიციები და ბოლოს ესპანელმა მაინც შეძლო მეხუთე ადგილზე გადასვლა.

მე-40 წრეზე კატასტროფა შეემთხვა ლეკლერს – „ფერარის“ მანქანის ძრავა გამოვიდა მწყობრიდან. რბოლა ცოტა ხანში რესტარტით განახლდა და პილოტებმა შეინარჩუნეს პოზიციები. დარჩენილ დროში ბოლო მანევრი ისევ ალონსოს ეკუთვნოდა – მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გაუსწრო კარლოს საინსს.

ფერსტაპენმა კარიერაში 36-ე რბოლა მოიგო, „რედ ბულმა“ – 93-ე. ავსტრიულმა საჯინიბომ თავის ისტორიაში 23-ე დუბლი შეასრულა.

ფერნანდო ალონსოს მესამე ადგილი ნიშნავს იმას, რომ „ასტონ მარტინმა“ ფორმულა 1-ში მხოლოდ მეორე პოდიუმი მოიპოვა.

ჩემპიონატი 19 აპრილს საუდის არაბეთის გრანპრით გაგრძელდება.