ფოთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ცენტრი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალზე გაიმართა ამხანაგური მატჩი, რომელშიც ადგილობრივ სამოყვარულო გუნდ „ჭაბონამას“ სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული სფფ-ის გუნდი დაუპირისპირდა.
მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სიტყვით მიმართა სტადიონზე შეკრებილ საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით, გასახდელებითა და ადმინისტრაციული შენობით.
საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, UEFA-ს პროგრამა ჰეთ-თრიქისა და FIFA-ს პროგრამა „ფორვარდის“ თანადაფინინანსებით განხორციელდა. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ფოთის საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა კლუბები. ტექნიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.
გახსნის ცერემონიას ესწრებიან სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სფფ-ის წარმომადგნლები და სხვადასხვა თაობის ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები. ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.