ახალი საფეხბურთო ცენტრი დიდ დიღომში - ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში მეოთხე კომპლექსი გახსნა #1TVSPORT
დიდ დიღომში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. საფეხბურთო კომპლექსი სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ დაათვალიერეს.
ღონისძიების ფარგლებში, დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების მოსწავლეების ღია ვარჯიში გაიმართა.
დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით. საფეხბურთო ცენტრი, სფფ-ის დაფინანსებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ ტერიტორიაზე აშენდა. კომპლექსის მოვლა-პატრონობას სრულად უზრუნველყოფს ფეხბურთის ფედერაცია. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისის ოთხ უბანში, მათ შორის ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანსა და ვარკეთილში.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე- პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.