ახალი ლეგიონერების ვინაობა ცნობილია - ფუტსალის ნაკრები ბრაზილიელებით გაძლიერდა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2020 წლის ბოლო შეხვედრისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი საფრანგეთთან ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის სადებიუტო მატჩისთვის თბილისში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, პარიზში კი 6 დეკემბერს გაემგზავრება.
გარკვეული იყო, რომ საქართველოს ნაკრებს ოთხი ლეგიონერი საფრანგეთში შეუერთდებოდა, მაგრამ მათი ვინაობა ცნობილი არ იყო – დამატებულ მოთამაშეთა გავრები ფეხბურთის ფედერაციამ გაასაჯაროვა. საფრანგეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო მატჩს სამი ნატურალიზებული მოთამაშე ჩაატარებს და სამივე ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატში გამოდის. სამივე ბრაზილიელია, ორი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში თამაშობს – ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი) და შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ერთიც იტალიის სერია A-ში – ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია). ამას გარდა, გუნდში ორი ბრაზილიელი უკვე იყო – კაპიტანი რონინიო და სიმი საიოტი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ,თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)
წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი (ყველა – თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ. კ. პეტროვი, ლატვია), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), რონინიო (ხერსონი, უკრაინა)
საფრანგეთისა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება პარიზში, 8 დეკემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე საქართველო საფრანგეთს, რუსეთსა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შესარჩევი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბრიდან, 2021 წლის აპრილის ჩათვლით ექვს ტურად ჩატარდება.