ახალი კონტრაქტი ლიდერთან - ჯოვინო ბათუმის „დინამოში“ კიდევ ერთი წელი ითამაშებს #1TVSPORT
ახალი კონტრაქტი ლიდერთან - ჯოვინო ბათუმის „დინამოში“ კიდევ ერთი წელი ითამაშებს #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ფლამარიონ ჯოვინოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდმა ბრაზილიელ ლიდერთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გააფორმა.

ფლამარიონ ჯოვინოსთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გავახანგრძლივეთ“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

ბრაზილიელი ფეხბურთელი „პალმეირასის“ აღზრდილია. პროფესიული კარიერა 2016 წელს მონტენეგროულ კლუბ „ლოვჩენში“ დაიწყო, ხოლო 2017 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. 2018 წელს ლიგა 2-ში ფლამარიონი 32 მატჩში გატანილი 24 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო კლუბმა პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა.

2019 წლის სეზონში, „დინამოსთან“ ერთად, საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა და 17 გოლით ლიგის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა. სეზონის ბოლოს ფლამარიონი საქართველოს ჩემპიონატის 2019 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 2020 წლის სექტემბერში, იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გადავიდა.

ბრაზილიელ თავდამსხმელზე დიდი ინტერესის მიუხედავად, ჯოვინო 2021 წელს ბათუმის „დინამომ“ დაიბრუნა და მისი გაყიდვა არ ისურვა. „ტრანსფერმარკეტის“ მონაცემებით ჯოვინოს სატრანსფერო შეფასება 550 000 ევროს შეადგენს.