ახალი კონტრაქტი კაპიტანთან - გაგნიძემ „დილასთან“ თანამშრომლობა გაახანგრძლივა #1TVSPORT
გორის „დილას” კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა – ინფორმაციას გუნდის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჩვენი კლუბის კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ „დილასთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა. შრომით ხელშეკრულებას ხელი ნიკას აგენტის თანდასწრებით მოეწერა“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
ნიკა გაგნიძის სატრანსფერო წარმომადგენელი სააგენტო BENE SPORT-ია, რომლის დამფუძნებელიც ყოფილი ფეხბურთელი ირაკლი ლილუაშვილია. ხელშეკრულების გაფორმებას სწორედ ის ესწრებოდა.
ნიკა გაგნიძე ეროვნულ ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია. 20 წლის ფეხბურთელი გუნდის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, როდესაც 16 წლის იყო. სულ გორელთა ფორმით ეროვნულ ლიგაში 59 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
ნიკა გაგნიძე არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და გუნდთან ერთად ევრო 2023-ისთვის ემზადება, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. მან შეცვლაზე ითამაშა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან, რომელიც რამაზ სვანაძის გუნდმა 3:2 მოიგო.