ახალი ჩემპიონის მოლოდინში - ეროვნული ლიგის ბოლო ტური საქართველოს პირველ არხზე
30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტურის მატჩები გაიმართება და საქართველოს ჩემპიონი გაირკვევა. ერთი რამ უკვე ცხადია – ევროტურნირებზე თბილისის „დინამო“, ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ გამოვლენ. ლიგიდან „ვიტ ჯორჯია“ გავარდა, ხოლო პლეი აუტში ბოლნისის „სიონი“ და „რუსთავი“ ითამაშებენ.
თუმცა, ბოლო ტურში გასარკვევი კიდევ ერთია: მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ (67 ქულა) ტიტული დათმო და პირველობის შანსი ორ „დინამოს“ დარჩა – ოქროს მედლებისთვის ბოლო ტურში თბილისის (72 ქულა) და ბათუმის (70 ქულა) გუნდები იბრძოლებენ. ბოლო ადგილოსნებში კი გაირკვევა, პლეი აუტში ვინ ვის შეხვდება.
შაბათი, 30 ნოემბერი
საბურთალო – სიონი
შაბათს, 30 ნოემბერს, ორი შეხვედრა გაიმართება: „საბურთალოსა” და ბოლნისის „სიონის“ (38 ქულა) დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. თბილისელებმა მესამე ადგილი გაინაღდეს – ვერც ზემოთ დაწინაურდებიან და ვერც დაქვეითდებიან. ბოლნისელებს კი უფრო მეტი მოტივაცია გააჩნიათ. გუნდს მოგება მერვე ადგილზე გასასვლელად და პლეი აუტში ლიგა-2-ის მეორეადგილოსან „სამტრედიასთან“ დაპირსპირების თავიდან ასაცილებლად სჭირდება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონში ბოლნისელებს დედაქალაქელებისთვის თამაში არ მოუგიათ.
რუსთავი – დილა
„რუსთავი“ (37 ქულა) ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გორის „დილას“ მიიღებს, რომელმაც ლიგაში ადგილი გაინაღდა. რუსთაველები კი ბოლნისელთა კონკურენტები არიან და ანალოგიური მიზანი გააჩნიათ – მოიგონ, მერვე ადგილი დაიკავონ და პლეი აუტში ლიგა-2-ის მეორეადგილოსანი „სამტრედიას“ ნაცვლად, „თელავს“ შეხვდნენ.
1 დეკემბერი
ტორპედო – ჩიხურა
„ტორპედომ“ ძალიან რთული სეზონი დაასრულა და მინიმალური ამოცანის გადაჭრა მოახერხა – ლიგაში დარჩა. არადა, რომ არა ფინანსური პრობლემები, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილები თავის სათქმელს აუცილებლად იტყოდნენ და ევროტურნირზეც გავიდოდნენ. მაგრამ პრობლემები გაჩნდა, შემადგენლობა შეიცვალა და ბოლოს ლიგაში დასარჩენად იბრძოდნენ. გუნდს დარჩა ერთი შეხვედრა – წყალტუბოში საჩხერის „ჩიხურასთან“ და ხუთეულში მოსახვედრად ფრეც ჰყოფნის.
ლოკომოტივი – დინამო ბთ
თბილისის „ლოკომოტივს“ ბოლო ტურში ღირსეული გამოსვლა სურს. ლევან კორღალიძის გუნდმა სეზონის ამოცანა გადაჭრა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. ბათუმის „დინამო“ კი ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს და „მიხეილ მესხი 2“ – ზე ამ შანსის რეალიზაციისთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადება.
დინამო თბ – ვიტ ჯორჯია
ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი „დინამო-არენაზე“ გაიმართება. „დინამოს“ რეალური შანსი გააჩნია, ლიგიდან უკვე გავარდნილ გუნდთან მოგებით მეჩვიდმეტედ მოიპოვოს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, რაც ბოლოს 2016 წლის მაისში იზეიმა.
სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ძველი მეტოქეების მატჩები ყოველთვის დაძაბულობით და პრინციპულობით გამოირჩეოდა: 54 შეხვედრაში 22 „დინამომ“ მოიგო, 13 – „ვიტ ჯორჯიამ“ და 19 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ არის – 69:42. მიმდინარე სეზონში „დინამომ“ მეტოქეს ორი მატჩი მოუგო, ერთიც წააგო. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს (შესაძლოა, საჩემპიონო ზეიმსაც) საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ბოლო ტურში ეროვნული ლიგის ბომბარდირიც გაირკვევა. აქაც კონკურენტები დინამოელები არიან: პირველ ადგილზე 19 გოლით თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი ლევან კუტალიაა, ხოლო ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელ ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი მას ორი გოლით ჩამორჩება.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, 36-ე ტური
შაბათი, 30 ნოემბერი
საბურთალო – სიონი
14:00. მიხეილ მესხი – თბილისი
რუსთავი – დილა
14:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
კვირა, 1 დეკემბერი
ტორპედო – ჩიხურა
14:00. 26 მაისი – წყალტუბო
ლოკომოტივი – დინამო ბთ
16:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
დინამო თბ – ვიტ ჯორჯია
16:00. დინამო არენა – თბილისი (1 არხი)