ახალგაზრდულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა - მოლდოვასთან მატჩისთვის საზონოვიც ემზადება #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ბათუმშია და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშებისთვის მზადებას განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი 5 სექტემბერს საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩს მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ „ბათუმი არენაზე“ ჩაატარებს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
3 სექტემბერს გუნდმა ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდს შეუერთდნენ ლეგიონერები: გიორგი კვერნაძე, საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე, ასევე „თელავის“ მოთამაშე დავით გოგოტიშვილი, რომელსაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში გამოძახებული საბა გოგლიჩიძის ნაცვლად უხმო.
საქართველოსა და მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე არსებულ თამაშის გვერდზე, ამას გარდა, „ბათუმი არენაზე“ 5 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან იმუშავებს სალარო.
მოლდოვასთან მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ვენლოში გაემგზავრება და ნიდერლანდების 21-წლამდელებს შეხვდება.
ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 13 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. მესამე ადგილს 10 ქულით შვედეთი იკავებს, ხოლო ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშების განრიგი
5 სექტემბერი
20:00 | საქართველო – მოლდოვა
9 სექტემბერი
22:00 | ნიდერლანდები – საქართველო
ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).
მცველები: დავით გოგოტიშვილი („თელავი“), საბა ხვადაგიანი, ნიკოლოზ უგრეხელიძე (ორივე – „დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), ზურაბ რუხაძე („დილა“), დავით ზურაბიანი („კოლხეთი“ ფოთი), ლადო ოდიშვილი („თელავი“), საბა საზონოვი („ემპოლი“, იტალია).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – „იბერია 1999“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ირაკლი ეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი“, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე („დილა“), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი („დინამო თბილისი“), გიორგი კვერნაძე („ფროსინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი“ ფოთი), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი“).