ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში ივარჯიშა - სვანაძემ გოგლიჩიძე გოგოტიშვილით შეცვალა #1TVSPORT
ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში ივარჯიშა - სვანაძემ გოგლიჩიძე გოგოტიშვილით შეცვალა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სექტემბრის მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზადება ბათუმში დაიწყო. 5 სექტემბერს რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში „ბათუმი არენაზე“ მოლდოვის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ახალაგზრდულმა ნაკრებმა ბათუმში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდს  2 სექტემბერს ლეგიონერები გიორგი კვერნაძე, საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე შეუერთდებიან.

იტალიური „ემოპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მას „თელავის“ ფეხბურთელი დავით გოგოტიშვილი შეცვლის, რომელიც, თანაგუნდელი ლადო ოდიშვილის მსგავსად, ახალგაზრდულ ნაკრებში პირველადაა გამოძახებული.

სექტემბრის მატჩებს უკრაინული „პოლისიეს“ მცველი გიორგი მაისურაძე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, ხოლო ლუკა სალუქვაძე („დინამო თბილისი“) და გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია) გუნდს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან.

ბათუმის მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება და 9 სექტემბერს ვენლოში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. 10 ქულით მესამე ადგილს შვედეთი იკავებს, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს.