ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პირველი კომენტარი: ფეხბურთის ფედერაციამ დიდი ნდობა გამოხატა
გიორგი ცეცაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელია – 43 წლის სპეციალისტმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხელშეკრულება დღეს გააფორმეს, რაზეც 1 არხი უკვე იუწყებოდა.
საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას“, “დილას” და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გულშემატკივართა რჩეული გახლდათ და მის დანიშვნას დიდი იმედებს უკავშირებენ. ცეცაძის ხელმძღვანელობით “სამტრედია” 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2017 წლის თებერვალში – საქართველოს სუპერთასის მფლობელი. სულ წელს ის ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
გიორგი ცეცაძე 2013 წელს, საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების ხელმძღვანელობდა, გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა და ელიტ რაუნდში მასპინძელი ბელგია, ინგლისი და შოტლანდია ჩატოვა.
დანიშვის შემდეგ ცეცაძემ პირველი კომენტარი 1 არხთან გააკეთა.
“ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გამახარა და მადლიერების განცდა მაქვს, რადგან ფეხბურთის ფედერაციამ ამ ნაბიჯით დიდი ნდობა გამოხატა, ეს კი ადამიანისადმი ყველაზე დიდი პატივისცემის გამოხატულებაა. ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის, რადგან ქვეყნის რანგით მეორე ნაკრები ჩამაბარეს და უამრავი ადამიანი იმედის თვალით გვიყურებს, ამ ნდობას და პასუხისმგებლობას კი გამართლება უნდა” – ამბობს ცეცაძე.