ახალგაზრდული ლიგა | „დინამო თბილისმა“ „ბუდუჩნოსტი“ ბოლო წამებზე დაამარცხა #1TVSPORT
უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პირველ ეტაპზე „დინამო თბილისი“ მონტენეგროს ჩემპიონს, პოდგორიცის „ბუდუჩნოსტს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ბოლო წამებზე გატანილი გოლით გაიმარჯვა – 3:2.
ეს ორი აკადემია 2023 წელს ევროპული ნაკრებებისთვის ფეხბურთელების მიმწოდებელ საუკეთესო აკადემიების ხუთეულში დაასახელეს. სტატისტიკის მიხედვით, ფეხბურთელების რაოდენობამ, რომლებსაც „დინამოს“ აკადემია აქვთ გამოვლილი და ახლა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობენ, 54% შეადგინა, რაც ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. „ბუდუჩნოსტი“ კი 32 პროცენტით მესამე ადგილზე გავიდა.
მე-9 წუთზე „ბუდუჩნოსტი“ ანდრეი კოსტიჩმა დააწინაურა, მაგრამ ხუთ წუთში საბა სამუშიამ ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 42-ე წუთზე ბოდინ ტომაშევიჩმა სტუმრები ისევ დააწინაურა – 2:1.
ვალერი გაგუას გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა. 55-ე წუთზე საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას ნიკო ცეცხლაძემ დაასწრო და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა – 2:2. 90+1-ე წუთზე კი ლუკა ბუბუტეიშვილის გადაცემით „დინამოს“ გამარჯვება ნიკა ჩიქოვანმა მოუტანა.
„დინამო თბილისისა“ და „ბუდუჩნოსტის“ 19-წლამდელთა გუნდების საპასუხო შეხვედრა 2 ოქტომბერს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართება.