ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკეების ვერცხლი და ბრინჯაო
ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკეების ვერცხლი და ბრინჯაო

საბერძნეთის პორტო კარასში, ახალგაზრდა მოჭადრაკეთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 14-წლამდე ვაჟებში ნიკოლოზ კაჭარავამ (2373) ვერცხლის, ხოლო 16-წლამდელებში ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (2343) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

კაჭარავამ დასკვნით მე-11 ტურში შავი ფერის ფიგურებით ინდოელი რიტვიკ რაჯა დაამარცხა, 9 ქულა მოაგროვა და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ასევე შავი ფიგურებით გამარჯვება იზეიმა ესპანელმა პედრო ანტონიო გინეს ესტეომ (2288) და ქართველ მოჭადრაკეს დამატებითი მაჩვენებლებით სძლია.

ბოლო ტურში გერმანელმა მოჭადრაკემ აშკარა საყაიმო პოზიციაში ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, პარტია წააგო და ესპანელს პირველ ადგილზე გასვლის საშუალება მიეცა. ქართულ დელეგაციას გადაწყვეტილი აქვს, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში საპროტესტო განაცხადი შეიტანოს.

რაც შეეხება ნიკოლოზ პეტრიაშვილს, ის ევროპის ჩემპიონატზე 31-ე ნომრად იყო განთესილი, თუმცა 8.0 ქულით მესამე-მეექვსე ადგილები გაინაწილა. პეტრიაშვილი დამატებითი მაჩვენებლებით საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა. ბოლო ტურში ნიკოლოზმა შავი ფიგურებით ბელარუს ვიაჩასლაუ ზარუბიცკის (2417) მოუგო, რეიტინგში 51.8 ქულა მოიმატა და საერთაშორისო ოსტატის ნორმაც შეასრულა.

14-წლამდე გოგონებში დიანა ლომაიამ (1876) 5.5 ქულით 61-ე შედეგი აჩვენა, 16-წლამდელთა ტურნირში კი თამარ ესაძე (1911) 5.5 ქულით 47-ე იყო. 18-წლამდე ვაჟებში ნიკოლოზ ცომაიამ (2201) 6.5 ქულით 28-ე შედეგი დააფიქსირა, ხოლო გოგონებში მარიამ ჯანაშვილმა (2081) 6.5 ქულით მე-19 ადგილი დაიკავა.