საქართველოს მორაგბეთა 18 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნირზე გამგზავრებამდე დავით ჩავლეიშვილის გუნდი ბოლო მოსამზადებელ შეკრებას მარტყოფის სარაგბო ბაზაზე გადის, სადაც 36 მორაგბე იმყოფება. მთავარი მწვრთნელი ჩემპიონატზე წამსვლელ 26 მოთამაშეს შეკრების ბოლო დღეს დაასახელებს. 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი კალინინგრადში 12-20 აპრილს გაიმართება. საქართველოს ნაკრები რუსეთში 10 აპრილს გაემგზავრება.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტურნირი ექვსი ერის დანარჩენი წევრების მსგავსად საფრანგეთმაც დატოვა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქართველო ტურნირის ფავორიტია. შეჯიბრში მონაწილეობას ჩვენს ნაკრებთან ერთად რუმინეთის, რუსეთის, ესპანეთის, ჰოლანდიის, ბელგიისა და გერმანიის ნაკრებები მიიღებენ.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე პირველ მატჩს 14 აპრილს გამართავს. მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება და შეხვედრა თბილისის დროით 20:25 საათზე დაიწყება. სხვა მეოთხედფინალურ წყვილებში ესპანეთი ჰოლანდიას, პორტუგალია ბელგიას და რუსეთი რუმინეთს ეთამაშება.
2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთს ანგარიშით 8:3 სძლიეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.