ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო ღია ვარჯიში გამართეს (ფოტოამბავი)
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო ღია ვარჯიში გამართეს (ფოტოამბავი)
საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ღია ვარჯიში გამართა. რიგით მე-12 მსოფლიო ჩემპიონატი 4-22 ივნისს არგენტინაში ჩატარდება. უმცროსი ბორჯღალოსნები C ჯგუფში ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ. პირველი მატჩი 4 ივნისს, სანტა-ფეში, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება, მომდევნო ორი შეხვედრა კი როსარიოშია დაგეგმილი.
უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე 8 ივნისს სამხრეთ აფრიკის, 12 ივნისს კი შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებები იქნებიან. ორივე შეხვედრა 17:30 საათზე იწყება. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, დაკავებული ადგილის მიხედვით, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 17 ივნისს ნახევარფინალურ, ხოლო 22 ივნისს ფინალურ შეხვედრას გამართავს.
საქართველოს ნაკრები დასკვნით შეკრებაზე ორი კვირის წინ შევიდა და მწვრთნელები უმთავრესად სათამაშო ტაქტიკისა და ელემენტების დახვეწაზე მუშაობენ. ჯერჯერობით შეკრებაზე არ არიან ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერები – გიორგი ახალაძე (მასი, 1), გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 1), ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი, 3), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), ვანო კარკაძე (ორიაკი, 2) უმცროს ბორჯღალოსნებს მომავალი კვირიდან შეუერთდებიან. გუნდი არგენტინაში 25 მაისს გაემგზავრება. სამწვრთნელო შტაბს საბოლოო შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია.
ამ ეტაპზე „შევარდენის“ ბაზაზე შეკრებაზე არიან
შერკინება:
გეგი მურუსიძე (არმაზი, 1), ლუკა ნიორაძე (ჯიქი, 2), საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), გიორგი მენაბდე (ბათუმი, 2), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო, 4-5), დავით გვიდიანი (არმაზი, 4-5), ლუკა გელაშვილი (არმია, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), ტატო გვიმრაძე (ხვამლი, 4-5), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო 6-7), პაატა ბურჭულაძე (რუსთავი, 6-7), მიხეილ ჩაჩავა (ჯიქი, 6-7), საბა ჯღარკავა (ლელო, 6-7), გიორგი ნოდია (ყოჩები, 6-7), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6, 7, 8), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6, 7, 8).
ხაზი:
მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), ლუკა მანტკავა (არმაზი, 9), ფრიდონ წიკლაური (ხვამლი, 9), იაგო ხაბულიანი (აია, 9), თედო აბჟანდაძე (აია, 10), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, 10), სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), გივი ცინცაძე (არმაზი, 10), ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12-13), დემურ თაფლაძე (ლელო, 13-14), ზაურ ლუტიძე (ხვამლი, 13), ზურა ქავთარაძე (ხარები, 11-14), ოთარ ლაშხი (ლელო, 11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი, 11-14), თემურ კოხოძე (აია, 11-14), გიორგი მიქანაძე (აკადემია, 15), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი, 11-15), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15), დაჩი პაპუნაშვილი (არმია, 10-15).
უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რაც ისტორიული შედეგია. აქამდე „ალაფიდან“ აღზევებულ არცერთ ნაკრებს უძლიერესთა შორის ადგილი არ შეუნარჩუნებია.
ჩვენმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი გასულ წელს დააფიქსირა. 2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ილია მაისურაძის ნაკრებმა პირველი დონის ორი ქვეყანა – ირლანდია და შოტლანდია დაამარცხა, ასევე ძალიან დრამატული მატჩი იაპონიის ნაკრებს მოუგო. აღნიშნული შედეგით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა და უკან 6 ერის ორი წარმომადგენელი – შოტლანდია და ირლანდია მოიტოვა.