აკაკი დევაძე - სანიოლის ჩამოსვლის მერე ეროვნულ გუნდს იმედით ვუყურებ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის მზადებაზე და გუნდთან დაკავშირებულ იმედებზე ეროვნული გუნდის ყოფილმა მეკარემ აკაკი დევაძემ ისაუბრა.
„პროგნოზი არ მიყვარს, მაგრამ იმედის თვალით ვუყურებ ნაკრებს მას შემდეგ, რაც ვილი სანიოლი ჩამოვიდა. დამეთანხმებით, რომ ნაკრების თამაში აშკარად სტაბილური გახდა. ჩვენ ტაიმში წაგებული ნაკრები ვიყავით. პირველი ტაიმის შემდეგ ვიცოდით, რაც მოხდებოდა. ახლა გუნდს შეუძლია წაგებული მატჩიც შემოაბრუნოს და 90 წუთი გამართული ფეხბურთი აჩვენოს. კარგი იქნება, ასე თუ გააგრძელებს. პირადად მე იმედის თვალით ვუყურებ“, – განაცხადა აკაკი დევაძემ.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, „დინამო თბილისის“ აკადემიის მწვრთნელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე ც გააკეთა.
„ხვიჩას ბავშობიდან ვიცნობ, ჩემი მეზობელია, ჩემს თვალწინ გაიზარდა და ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა – მჯერა, რომ „ნაპოლიში“ და ნებისმიერ ევროპულ კლუბში ითამაშებს. ამის საფუძველს ის მაძლევს, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალია, იცის, რა უნდა და მიზანს აუცილებლად მიაღწევს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არანაირი შიში არ აქვს. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებს და არანაირი პრობლემა არ შეექმნება“.