აკაკი დევაძე - ასაკობრივ ნაკრებში მამარდაშვილი მესამე მეკარე იყო, მაგრამ იმდენი იშრომა, „ვალენსიას“ კარში დადგა #1TVSPORT
აკაკი დევაძე - ასაკობრივ ნაკრებში მამარდაშვილი მესამე მეკარე იყო, მაგრამ იმდენი იშრომა, „ვალენსიას“ კარში დადგა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ, „დინამო თბილისის“ აკადემიის მწვრთნელმა აკაკი დევაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ახალი თაობის მეკარეებზე ისაუბრა და არ დამალა, რომ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი თავის დროზე სხვებს არ სჯობდა.

„ამჟამად „დინამოს“ აკადემიაში 19-წლამდელთა გუნდს მეკარეების მწვრთნელად ვალერი გაგუას ვეხმარები. სერიოზული მუშაობა მიდის მეკარეებთან და მგონი შედეგს ხედავთ, ლამის გუნდი არაა, სადაც ჩვენი აღზრდილი მეკარე რომ არ იყოს.

ბავშვები მოდიან და უკვე ჰყავთ მაგალითები. ახლა მამარდაშვილია ასეთი და უნდათ, რომ მისი დონის მეკარე გახდნენ. მაგრამ ვუყურებთ და ვამჩნევთ, ვის რისი ნიჭი გააჩნია. ზოგს წინ თამაშის ნიჭი აქვს და პოზიციას ვუცვლით.

საუკეთესო სელექციონერი საქართველოში ჩვენი აკადემიის თემურ უგრეხელიძეა. ამის მაგალითად ეს ფაქტი გამოდგება – სხვადასხვა ასაკის ნაკრებებში ჩვენი 33 მოთამაშე გამოიძახეს.

მე ვმუშაობდი 2000 წელს დაბადებულების ნაკრებში, მამარდაშვილი სიაში მესამე იყო. მაგრამ პირველ ორს ვერ სჯობდა – ბულისკერიას და მეგრელიშვილს. ისინი იმ ეტაპზე სჯობდნენ. სუსტ ფეხებზე იდგა. მაგრამ იმდენი იშრომა, „ვალენსიას“ კარში დადგა. ყველას გვიხარია, რომ ასე თუ ისე „დინამოს“ აკადემიაში გაიზარდა.

„დინამოს“ აკადემიაში ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს – გიორგი მაკასარაშვილი 10 წელზე მეტია მუშაობს, რეზო ნაჭყეპია კი პატარა ასაკებთან მუშაობს და მისი დამსახურებაა, ბევრი კარგი მეკარე რომ იზრდება – და სანამ ისინი იქნებიან, სულ გაიზრდებიან.

საქართველოს ნაკრებში ერთი მეკარის პოზიციააა, სადაც არ გვიჭირს და კიდევ ბევრი კარგი მეკარე მოდის. ვუყურებ და პერსპექტიული ბავშვებიც მოდიან. ლორიას კი მივეჩვიეთ, რომ სულ მაღალ დონეზე თამაშობს, პროფესიონალია და თავის საქმეს კარგად აკეთებს.“