აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე - ფეხბურთი ჩვენი სახელმწიფოს იდენტობის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია, კვარცხელია კი მსოფლიოში თანამედროვე ქართველის როლს ასრულებს #1TVSPORT
აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე - ფეხბურთი ჩვენი სახელმწიფოს იდენტობის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია, კვარცხელია კი მსოფლიოში თანამედროვე ქართველის როლს ასრულებს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტს“ უჩვეულო სტუმარი ჰყავდა – აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.

მისი აზრით, დღეს ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საქართველოს სახე და ღირსეული წარმომადგენელი, ხოლო ქართული სახელმწიფოსთვის ფეხბურთი იდენტობის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია.

„რაც დავიბადე, მას შემდეგ გულშემატკივარი ვარ. გააზრებულად რაც მახსოვს, ეს 1972 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო, 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან კი ყველა მატჩის გახსენება შემიძლია. არ ვიცი, ნამდვილია თუ მითია, საბჭოთა პერიოდში თბილისის „დინამო“ რომ გაიმარჯვებდა, შრომის ნაყოფიერება იზრდებოდა.

ახლა არ ვიცი, იგივე ხდება თუ არა, მაგრამ განწყობა დადებითისკენ აშკარად შეიცვალა. ის, რაც ყველას გვაკლია, რომ იყოს ერთიანობა და სიხარული, ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ახალგაზრდა კაცის (ხვიჩა კვარაცხელიას) დიდი დამსახურებაა.

გულშემატკივარს მაინც განსაკუთრებული ფიგურები უყვარს, თან შედეგი თუ არის, მით უფრო. ყველა ვთანხმდებით, რომ ხვიჩა კვარაცხელია არის ის ფიგურა, რომელსაც აქვს უკვე სერიოზული როლი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ყველა ქვეყანას ლიდერები და განსაკუთრებული მაგალითები სჭირდება. დღეს ის (კვარაცხელია) წარმოადგენს ქართველის მოდელს, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს დიდი სივრცეში, უცხოეთში – ასევე მოდელია ახალგაზრდებისთვის. ამავე დროს, წარმატებებთან ერთად, უკვე დიდი ტვირთი აქვს. ამას ღირსეულად უმკლავდება და ბუნებრივია, ეს ძალიან გვიხარია. ყველა ქვეყანას საკუთარ იდენტობა გააჩნია, მაგრამ თანამედროვე ქართველის ტიპის იდენტობის განვითარებაც ხდება და ის დღეს სწორედ ამ როლს ასრულებს. პირადად მე მხიბლავს ადამიანი, რომელსაც პროფესიული წარმატების გარდა, ადამიანური ქცევის ძალიან მყარი პიროვნული თვისებები აქვს.

ბავშვები და ახალგაზრდები მაგალითებს ლიდერებისგან იღებენ. ხვიჩაში კი ხედავენ, რომ ლიდერია არა მხოლოდ დემონსტრაციული და აგრესიული, არამედ ძალიან მყარი, თავის თავში დარწმუნებული პიროვნება, რომელიც ამავე დროს, საერთაშორისო მასშტაბის პროფესიონალია.

ეს პრინციპული თემაა, როგორ უნდა იყოს მზად ადამიანი ახალი გარემოსთვის. რამდენი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ამას ვერ გაუძლო. ახალ წარმოიდგინეთ, იერარქიულად ადამიანი მატერიალურად და სოციალურად სრულიად ახალ საფეხურზეა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ბექჰემია. ფერგიუსონი ახალგაზრდებთან ამ კუთხით ბევრს მუშაობდა.

გარდა დიდი ემოციისა, ფეხბურთი არის პროფესია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობაში მონაწილეობს და გადამეტების გარეშე, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია. მისი განვითარება შეუძლებელია დანახული იყოს მხოლოდ სპორტული კუთხით. ფეხბურთის გარდა, სოციალური სფერო და მოქალაქის ჩამოყალიბების კუთხითაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, რეგიონებში.

ადამიანი როგორ იზრდება? მყარ ღირებულებებზე და ფიზიკურად ჯანმრთელი. ამისთვის კი ფეხბურთი ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. ყველაფერს მაგალითებით გვასწავლიან. სულ საბას იგავებიც და ბიბლიაც მაგალითებია. ფეხბურთი და კვარაცხელია კი იმის მაგალითია, როგორ შეიძლება საქართველოში უმაღლეს სტანდარტს მიაღწიო“, – ამბობს აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე.

დავით ლორთქიფანიძე ცნობილი არქეოლოგის, ოთარ ლორთქიფანიძის ვაჟია – ანთროპოლოგი და არქეოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტია. ამავე დროს, გახლავთ აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის ნამდვილი წევრი. დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობისას ჯგუფმა დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა უძველესი ადამიანისმაგვარი არსების თავის ქალა, რომელსაც homo erectus-ის წინაპრად მიიჩნევენ, დროებითი სახელით Homo georgicus.