აივენგო რიკაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, ფრიდონ აბულაძე და ჯონი ხეცურიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს სახელით ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები – ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც ხეცურიანმა, რიკაძემ და ფრიდონ აბულაძემ ნახევარფინალში იჭიდავეს.
ფინალში გასასვლელად დამაჯერებლად იასპარეზა აივენგო რიკაძემ, რომელმაც ირანელი მოჭიდავე მოჰამედ ნაგოუსი ანგარიშით 5:3 დაამარცხა და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
ტურნირის ნახევარფინალში გასული ორი ქართველი სპორტსმენი – ფრიდონ აბულაძე და ჯონი ხეცურიანი ირანელ მოჭიდავეებთან დამარცხდნენ და ხვალ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ფინალურ ბლოკში დღეს, რამდენიმე წუთში ლერი აბულაძე (63 კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში იგი თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდება. თემურ ჭკუასელიძე (87კგ) და ნიკოლოზ ჭიკაიძე (77კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.