“ბორჯღალოსნებმა” წამყვანი სარაგბო გამოცემების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქციეს. ამჯერად არა კონკრეტული სპორტული შედეგით, არამედ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ გუნდთან, ინგლისის ნაკრებთან გამართული ერთობლივი ვარჯიშით.
ინგლისელთა თავკაცის, ედი ჯონსის თქმით, იგი ვარჯიშით ძალიან კმაყოფილია და თვლის, რომ მისმა მორაგბეებმა ქართველი მორკინალებისგან ბევრი რამე ისწავლეს.
“საქართველოს ზუსტად ისეთი შერკინება ჰყავს, როგორთან ვარჯიშიც ჩვენ წაგვადგება – ძლიერი და გამოცდილი. მათ შერკინებაში ბევრგვარი ტაქტიკა აქვთ და ჩვენ მათთან ვარჯიშისას დიდი გამოცდილება მივიღეთ” – განაცხადა მან.
ინგლისთან ერთობლივმა ვარჯიშმა საქართველოს “ექვს ერში” ჩართვის საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახადა.
პოპულარული გამოცემა “აირიშ თაიმსი” წერს: “იტალია თავს კვლავ კომფორტულად გრძნობს, ევროპის მე-6 გუნდი კი კვლავ იზოლირებულია”.
“შაბათს, როდესაც ირლანდიამ იტალიას 37 ქულით მოუგო, საქართველომ ბელგია 49:0 დაამარცხა. ამის თქმა უკვე ხმამაღლა შეიძლება – “ექვს ერში” ევროპის საუკეთესო გუნდები არ ასპარეზობენ.” – წერს “აირიშ თაიმსის” ბრაიან ო’კონორი.
“ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ 2007 წლის მსოფლიო თასი, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა ირლანდიას კინაღამ გული დაწყვიტეს. მსოფლიო თასზე ორმა გამარჯვებამ საქართველოს ავტომატური კვალიფიკაცია მოუტანა, ნოემბრის ტესტებზე კი უელსმა შინ მათ ძლივს, მხოლოდ შვიდქულიანი სხვაობით მოუგო. ქართველ მორაგბეთა უმეტესობა საფრანგეთში, პროფესიონალურ დონეზე თამაშობს.
რაც ყველაზე მნიშვენლოვანია, ქართველებს რაგბი ძალიან უყვართ და კარგად ესმით. საზოგადოების ცნობიერებაში თამაში ძალიან ღრმად არის გამჯდარი. მსგავსი რამ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მხოლოდ უელსში ხდება, სადაც რაგბი ეროვნული სპორტია. ამის მიზეზი კი ტრადიციული “ლელო ბურთია”, რომელიც რაგბის ძალიან ჰგავს.”
სტატიის ავტორი პრობლემას ზედაპირულად არ უყურებს. იგი კარგად ხვდება, რომ უმთავრესი პრობლემა ფინანსები და გეოგრაფიაა.
“ექვსი ერი სპორტისგან შორს დგას, ის კომერციული კლუბია. მარტივია იმის თქმა, რომ საქართველო უბრალოდ საკმარისად მდიდარი არაა.
ყველამ იცის, რომ იტალიელებს რაგბი არ აინტერესებთ. რატომ დააინტერესებთ, როდესაც ფეხბურთი და “ფერარი” აქვთ? ამის მიუხედავად, იტალია სასურველი ბაზარია და რომში ჩასვლის სურვილთან გამკლავება რთულია. თბილისი კი ძალიან შორსაა.
ასე რომ, იტალია თავს კომფორტულად გრძნობს. “ექვსმა ერმა” ცალსახად განაცხადა, რომ სპორტის განვითარება მათი ფუნქცია არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო ადგილოსნის დაქვეითებისა და “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” გამარჯვებულის დაწინაურების იდეის განხილვა მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ. ეს კი არავის უნდა, რადგან ამ შემთხევაში “ექვსი ერი” შემოსავალს დაკარგავს. ამ ეტაპზე უდავოდ ყველასთვის ბევრად ადვილია, შეინარჩუნონ ყველაფერი ისე, როგორც არის. მაგრამ სტაგნაცია კარგი არავისთვისაა. იტალია წელსაც “ექვსი ერის” ბოლო ადგილოსანი იქნება, რაც არავის აწყობს, პირველ რიგში კი თავად იტალიელებს.
რაც არ უნდა ვთქვათ, სპორტზე მაყურებელს და ფანებს უდიდესი გავლენა აქვთ, ისინი კი შეკითხვების დასმას იწყებენ. იტალიის სეზონი პრაქტიკულად დასრულებელია, მათ დარჩენილ თამაშებში უბრალოდ ქულათა სხვაობა გაირკვევა. ორ მატჩიანი პლეიოფი კი ნამდვილად ძალზედ სანახაობრივი გამოვიდოდა. ასეთი სისტემა ბევრად სამართლიანი იქნებოდა, ვიდრე ახლანდელია.
შაბათს ქართველები გერმანიას დაუპირისპირდებიან. გერმანელებმა პირველი შეხვედრა რუმინეთთან 85-6 წააგეს. არადა, გერმანია რომ საქართველოს პოზიციაში იყოს, რთული წარმოსადგენია რეალობა, რომელშიც ისინი უკვე “ექვსი ერის” წევრები არ იქნებოდნენ.”