„აინტრახტის“ მწვრთნელი - კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა #1TVSPORT
ფრანკფურტის „აინტრახტის“ მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ლუჩანო სპალეტის „ნაპოლისთან“ დაპირისპირებაზე ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
„ჩემთვის იდეალურია ის შემტევი ფეხბურთი, რომელსაც „ნაპოლი“ აჩვენებს – აღფრთოვანებული ვარ ნეაპოლელთა თამაშის სტილით, რომელიც ცოტა ანტიიტალიურია. ვფიქრობ, „ნაპოლი“ იტალიაში ყველაზე აქტიურ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენც ასეთი სტილი მოგვწონს.
„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის ლიდერია და ტიტულს მოიპოვებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ეს პირველად მოხდება მარადონას შემდეგ, რომელმაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მომაჯადოვა. მარადონა იყო ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვინც მინახავს. ახლა ბედნიერი ვარ, რომ მისი გუნდი კვლავ წარმატებულია. მაგრამ „ნაპოლის“ მიმართ პატივისცემის მიუხედავად, არაფერს დავთმობთ და შევეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.
კვარაცხელია? მე მას არ ვიცნობდი. გამიკვირდა, ახალგაზრდა ქართველს ამდენი კარგი თვისება რომ აქვს და ასე სწრაფად დაიმკვიდრა თავი სერია A-ში. ეს ადვილი არ არის. ის რჩება ფლანგზე და შემდეგ დრიბლინგით ცენტრისკენ შედის, ორივე ფეხით კარგად არტყამს. მნიშვნელოვანია, რომ მარტო არ დავტოვოთ, რათა მისი გაკონტროლება შევძლოთ.
თითოეულ გუნდს აქვს თავისი სუსტი მხარეები. „ნაპოლის“ შესანიშნავი ბალანსი აქვს, კარგად უტევს, ძალიან ცოტას უშვებს. მაგრამ ნაკლიც აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია საგოლე მომენტები შევქმნათ – მთავარია, რეალიზაციაში ეფექტურობა გამოვავლინოთ“, – ამბობს „აინტრახტის“ მთავარი მწვრთნელი.
„აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 21 თებერვალს, 23:59-ზე დაიწყება.