გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი „ტულუზასთან“ ჩაატარა, რომელშიც ქართველის გუნდი 0:1 დამარცხდა.
„იმედგაცრუებული ვარ, რადგან, თამაშიდან გამომდინარე, ერთ ქულას მაინც ვიმსახურებდით. წინ მთელი სეზონია და დარჩენისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რადგან საბოლოოდ ეს მონდომება დაგვიფასდება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ამასობაში, ნიდერლანდურმა გამოცემა De Telegraaf-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „აიაქსი“ მიქაუტაძის შემცვლელის შეძენას დორტმუნდის „ბორუსიადან“ ცდილობს და 19-წლამდელთა გუნდის თავდამსხმელის, ჯულიან რაიკხოფის საფასურად გერმანელებს მილიონ ევროს სთავაზობს.
„ამსტერდამის „აიაქსმა“ ჯულიან რაიკჰოფისთვის დორტმუნდის „ბორუსიას“ მილიონი ევრო შესთავაზა. გერმანული კლუბი ამჟამად წინადადებას განიხილავს. თავად რაიკჰოფს, რომელმაც „აიაქსი“ 2021 წლის ზამთარში დატოვა, „დორტმუნდში“ პერსპექტივის ნაკლებობის გამო, ამსტერდამში დაბრუნება სურს.
ახალგაზრდას, რომელიც ამსტერდამში ყველაზე ნიჭიერად მიიჩნეოდა, „დორტმუნდის“ პირველ გუნდში ჯერ არ მიუღია შანსი. ასე რომ, დაგეგმილია რაიკჰოფის „აიაქსში“ დაბრუნება. ამით „აიაქსი“ შეავსებს მიქაუტაძის წასვლით დატოვებულ სიცარიელეს“, – წერს ნიდერლანდური გამოცემა.